ასეთი ტიპის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხილების კანონი შინაარსით, აქვს რუსეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს და სცადა უნგრეთმა, - ამის შესახებ ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ „რადიო პალიტრას“ ეთერში, გადაცემა "შუადღის სტუდიაში“ განაცხადა, რითაც უცხოური გავლენის თაობაზე კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.
მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში უკვე წარდგენილ კანონპროექტს გამართლება არ აქვს.
„ბრიუსელში, სტოკჰოლმში და ბერლინში ჩემი შეხვედრების შედეგად ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში უკვე გადალახულად ითვლება ბევრი წითელი ხაზი. ახლა იმის გამოსწორებაზეა საუბარი.
ამ კანონზე შინაარსობრივად მოსმენილი მაქვს ფრაზები, რომ ამ კანონთან ახლოს მისვლაც კი და დისკუსიის დაწყება შეუქცევადად დამაზიანებელი იქნება. ეს უკვე მოხდა, ევროკავშირმა გუშინ განცხადება გააკეთა, ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.
ეს კანონი არ მართლდება. ასეთი ტიპის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხილების კანონი შინაარსით, აქვს რუსეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს და სცადა უნგრეთმა. ამერიკული მაგალითი, სულ სხვანაირია. ამ კანონის ანალოგიით, რუსეთმა დაიწყო არასამთავრობოების შეზღუდვა“,- აღნიშნავს კაპანაძე.
ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში უკვე წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
ამასთან, „ხალხის ძალა" პარლამენტს უკვე რეგისტრირებულ პროექტთან ერთად ალტერნატიულ პროექტს - ამერიკული კანონის კოპირებას სთავაზობს. აღნიშნულის თაობაზე პარლამენტში „ხალხის ძალის" მიერ გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მათ იმედი აქვს რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ალტერნატიულ პროექტს - "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რაც იქნება სრულად ამერიკული ანალოგი.