„აწარმოე საქართველოში“  - „თამაშობანა“ - ქართული თამაშები, რომელიც თაობებს აერთიანებს

„აწარმოე საქართველოში“  - „თამაშობანა“ - ქართული თამაშები, რომელიც თაობებს აერთიანებს

„თამაშობანა" ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მიზანია სხვადასხვა თაობის ადამიანების თამაშის გზით გაერთიანება. კომპანია 7 წლის წინ შეიქმნა და ამ დრომდე 15-მდე საავტორო სამაგიდო თამაში აქვს შექმნილი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

„თამაშობანას" პროდუქცია ადამიანებს ეხმარება სწავლაში, გართობასა და ახალი უნარების შეძენაში. თითოეული თამაშის შექმნის პროცესი კომპლექსურია — თავდაპირველად განისაზღვრება მიზანი, ამოცანა, გამოწვევა, რომელიც ამ პროცესში უნდა გადაიჭრას. ეს პროცესი გაიარა „თამაშობანას" გამორჩეულმა თამაშმა ,,იოგა ბავშვებისთვის", რომელიც ექსპერტებთან თანამშრომლობით შეიქმნა.

,,ვფიქრობ, წარმატების საიდუმლო ინგრედიენტი ჩვენი, დამფუძნებლებისა და კომპანიაში მომუშავე თითოეული ადამიანის სიყვარულია, რომელიც ამ ბრენდის მიმართ გვაქვს.

სწორედ კომპანიის მიმართ სიყვარულმა და პროდუქტების განვითარებაზე უწყვეტად მუშაობამ მიიყვანა ,,თამაშობანა" Speilwarenmesse-ზე, სათამაშოების ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე ჯერ 2019, შემდეგ კი 2023 წელსაც“,-აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ნაუ სონღულაშვილი.

„თამაშობანას" დამფუძნებლის აზრით, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების განვითარებისთვის გამოფენებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ ღონისძიებებზე კომპანიებს საშუალება ეძლევათ, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ აუდიტორიასთან, გაეცნონ თანამედროვე ტენდენციებს და შეიძინონ მნიშვნელოვანი ბიზნესპარტნიორები

„სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით პირველად 2019 წელს მოვხვდით ამ გამოფენაზე. მაშინ სექტორიდან მხოლოდ 4 კომპანია ვიყავით, რადგან ეს სფერო არც თუ ისე პოპულარული იყო. სწორედ სააგენტოს მხარდაჭერისა და დაუზოგავი შრომის შედეგია, რომ ქვეყნის განვითარების კუთხით, სათამაშოების სექტორი პოტენციურად ერთ-ერთი ყველაზე მზარდია" - აცხადებს ,,თამაშობანას" დამფუძნებელი ნაუ სონღულაშვილი.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წელი ,,თამაშობანასთვის" ძალიან მნიშვნელოვანია. წელს, კომპანიას უამრავი საექსპორტო პროექტი ელოდება. ასევე, წლის ბოლოს იგეგმება ,,თამაშობანას" კონცეპტუალური სივრცის გახსნა, რომელიც ღია იქნება ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს დაისვენოს, შეიმეცნოს, გაერთოს და რაც მთავარია, ძალიან ბევრი ითამაშოს.

სათამაშოების სექტორი საქართველოში დღითი დღე ვითარდება და იზრდება. განსაკუთრებით კი იზრდება მეწარმე ქალების რიცხვი, რომლებიც ქართული კომპანიების სახელებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ამკვიდრებენ.

,,ქალბატონებს ვურჩევდი, რომ არასდროს დაკარგონ საკუთარი თავისა და იდეის რწმენა. იყვნენ უფრო მეტად გამბედავები, რადგან არ არსებობს უშეცდომო გზა და ყოველთვის დაიტოვონ დრო სწავლისა და თვითგანვითარებისთვის",- აცახდებს ნაუ სონღულაშვილი.