ადვოკატი - ძირითადი ექსპერტიზა არ არის ჩატარებული - ლაშა ფურცხვანიძე ციხეში ჰყავთ იმისთვის, რომ 3 კვირაში არ გააკეთა ექსპერტიზა, რასაც გამოძიება 5 თვის განმავლობაში ვერ აკეთებს

ლაშა ფურცხვანიძე ციხეში ჰყავთ იმისთვის, რომ 3 კვირაში არ გააკეთა ექსპერტიზა, რასაც გამოძიება 5 თვის განმავლობაში ვერ აკეთებს, - ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე „გრინსერვის+“-ის დაკავებული დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, პროკურატურისთვის მთავარი იყო დაეჭირათ და 9 პირი ციხეში ჩაესვათ და არა ის, რომ სიმართლე გაერკვიათ.

მისივე თქმით, ვაკის პარკში შადრევნის მონტაჟის და ექსპლუატაციის დროს, თუ რამე შეიძლება დარღვეული ყოფილიყო, ამის შესახებ ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს მწარმოებელი ქარხნის წარმომადგენელ ინჟინერს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

„ჩინეთის მოქალაქე მწარმოებელი ქარხნის წარმომადგენელი ინჟინერია, რომელმაც ობიექტის მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება განახორციელა. თუ რამე შეიძლება დარღვეული ყოფილიყო მონტაჟის და ექსპლუატაციის დროს, ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეიძლება ინფორმაცია ჰქონდეს ამაზე. აღნიშნული იმის ილუსტრაციაა, რომ გამოძიება არ ყოფილა სრულყოფილი. პროკურატურისთვის მთავარი იყო დაეჭირათ და 9 პირი ციხეში ჩაესვათ და არა ის, რომ სიმართლე გაერკვიათ.

ჩვენ გვქონდა მცდელობა დავკავშირებოდით ამ ადამიანს და სიმართლე გაგვერკვია. მტკიცების ტვირთი არის პროკურატურაზე. ჩვენ, რომც არაფერი გაგვეკეთებინა, პროკურატურას საქმე უნდა გამოეძია.

ფაქტი ერთია, 5 თვის განმავლობაში, ძირითადი ექსპერტიზა არ არის ჩატარებული. ლაშა ფურცხვანიძე ციხეში ჰყავთ იმისთვის, რომ 3 კვირაში არ გააკეთა ის ექსპერტიზა, რასაც გამოძიება 5 თვის განმავლობაში ვერ აკეთებს“, - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, არის ახალი ექსპერტიზის დასკვნები, რითაც დასტუდება, რომ ის, რასაც პროკურატურა ადასტურებს და ამბობს, „ასე ვერ იქნებოდა“.

ჩოფიკაშვილის თქმით, აღმოჩნდა, რომ მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა დაბეჭდილი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ არც ერთი პირი არ გაეშვათ თავისუფლებაში.

ადვოკატის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქმის სამართლებრივი რეგულირებები მეორე ხარისხოვანია და უფრო ემოციები და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა ჭარბობს.

„რაც შეეხება აღკვეთს ღონისძიებას, ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი დაგვხვდა. როდესაც 9 ბრალდებულის ადვოკატებმა შუამდგომლობა წარვადგინეთ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე, 2 პროკურორმა 2 საათის განმავლობაში ისაუბრა ამაზე და შემდეგ რეპლიკებზე 2-3 საათი დაიხარჯა და, სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა დაბეჭდილი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ არცერთი პირი არ გაეშვათ თავისუფლებაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ საქმეზე სამართლებრივი რეგულირებები მეორე ხარისხოვანია და უფრო ემოციები და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა ჭარბობს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ჩოფიკაშვილის თქმით, დაცვის მხარის მოთხოვნაა, იმ ინჟინრის დაკითხვა, რომელმაც პროექტი შეასრულა.

„ჩინეთის მოქალაქის დაკითხვა კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა იმ ინჟინრის დაკითხვა, რომელმაც პროექტი შეასრულა.

მთავარია ის, რომ პროექტის შესახებ ინფორმაცია საჯაროა. პროექტის შესრულება მოხდა ოფიციალური პროექტის შესაბამისად, რომელიც საჯაროა.

პროექტის შეცვალა ან პროექტზე ზემოქმედება, შემსრულებელ კომპანიას არ შეუძლია. მთავარი არის ის, რომ პროექტი იყო საჯაროდ ცნობილი, პროექტზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციულ წარმოებაში, არც ერთ ეტაპზე, კანონის მიხედვით, არ მონაწილეობს შემსრულებელი კომპანიის რომელიმე წარმომადგენელი“,- განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს