ბრალდებულები ცდილობენ, რომ თავიანთი პასუხისმგებლობა სხვა პიროვნებაზე გადაიტანონ. ეს სამუშაოები შესრულებული აქვს „გრინსერვის პლუსს, - ასე უპასუხა „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის თანახმად, გამოძიების ფარგლებში რატომ არ დაიკითხა ჩინეთის მოქალაქე, რომელმაც საქართველოში ჩამოიტანა შესაბამისი მოწყობილობები და დაამონტაჟა „ვაკის პარკში“.
როგორც პროკურორმა განმარტა, მოწყობილობები, რაზეც დაცვის მხარე საუბრობს მიწოდებული აქვს შპს „გრინსერვის პლუსს“ ხელშეკრულებითაც და მიღება-ჩაბარების აქტითაც.
შესაბამისად, ჩინეთის მოქალაქეზე, პასუხისმგებლობის გადაბრალება ხდება.
„არც რაიმე ისეთი ხელშეკრულება არ არის წარმოდგენილი, რითაც დასტურდება ამ სამუშაოების მის მიერ შესრულება. უბრალოდ, საქმეში წარმოდგენილია წარმოშობის სერტიფიკატი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს პასუხისმგებლობა უშუალოდ მხოლოდ „გრინსერვის პლუსზეა“ დამოკიდებული. „გრინსერვის პლუსის“ დირექტორის და მისი ადვოკატების მიერ თითქოს ვიღაც პირის შემოყვანა ამ სერვისში, მხოლოდ და მხოლოდ, პასუხისმგებლობის არიდებაა.
ამ პიროვნებას [ჩინეთის მოქალაქეს] დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. როგორც პროცესზე გაჟღერდა, დაცვის მხარისთვის ეს პიროვნება, მისი ჩვენება მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. მხარეები შეჯიბრებითობის პრინციპით ვსარგებლობთ და მათ თავისუფლად შეეძლოთ დამკავშირებოდნენ აღნიშნულ პიროვნებას. გამოეკითხათ და წარმოედგინათ მისი გამოკითხვის ოქმი სასამართლოზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უბრალოდ პასუხისმგებლობის გადაბრალება. როდესაც ტრაგედია მოხდა მას [ჩინეთის მოქალაქეს] უკვე დატოვებული ჰქონდა ქვეყანა. შესაბამისად, ამიტომ ვერ მოხდა მისი გამოკითხვა. თუმცა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, ამ პიროვნების ამ დანაშაულის სქემაში შემოყვანა ემსახურება მხოლოდ ერთადერთ აბსურდულ მიზანს - ბრალდებულები ცდილობენ, რომ თავიანთი პასუხისმგებლობა სხვა პიროვნებაზე გადაიტანონ. ეს სამუშაოები შესრულებული აქვს „გრინსერვის პლუსს“. „გრინსერვის პლუსს“ აქვს ჩატარებული მერიის შესაბამის სამსახურთან. ამ სამუშაოების ექსპერტიზის დასკვნა რომ გაყალბებულია, ამის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები გვაქვს წარდგენილი. ამ ექსპერტიზის ჩატარება ევალებოდა „გრინსერვის პლუსს“, - აცხადებს არჩილ ტყეშელაშვილი.
მისი განმარტებით, გამოძიება დასრულებული არ არის. სხვა პირების პასუხისმგებლობის გამოკვეთა კი, წარმოდგენილ ბრალდებულებს პასუხისმგებლობიდან, ამ შემთხვევაში, არ ათავისუფლებს.
„მათ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. თავიანთი ბრალეულობა აქვთ. შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში, თუ ვინმე სხვა პირის პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, პირობას გაძლევთ, რომ ყველა პირი მიეცემა პასუხისმგებლობაში“, - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.
მისი განმარტებით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ნუსხა წარადგინა. ასევე წარდგენილია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს წარმოდგენილი ბრალდებულების ბრალეულობას. პროკურორის განმარტებით, ცხრავე ბრალდებული პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).