მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღო მონაწილეობა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობისა და საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას. საქართველომ არაერთხელ გამოსცადა რუსული აგრესია. საქართველოს ტერიტორიების ნაწილი დღესაც ოკუპირებულია და რუსული სამხედროების ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალში არც გამართლება აქვს და არც სამართლებრივი საფუძველი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ასი ათასობით ადამიანი არის იძულებით გადაადგილებული და მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება, მიუღებელია ის ხელოვნური საზღვრები, რაც ჰყოფს ქვეყანას, ოჯახებს და ადამიანებს შორის კავშირებს უშლის ხელს. მან ასევე ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რაც ასევე ადასტურებს რუსეთის პასუხისმგებლობას.

„სახელმწიფოები არ უნდა ისჯებოდნენ სუვერენული უფლებისთვის, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ჩვენ გვაქვს სუვერენული არჩევანის უფლება. რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება, თავისი აგრესიული პოლიტიკით ძირი გამოუთხაროს მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია ავსტრიის რესპუბლიკაში, ქალაქ ვენაში 23-24 თებერვალს გაიმართა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს