საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი გაიმართა

22-24 თებერვალს თბილისში საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე (FIPA) მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გაიმართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მომლაპარაკებელთა ჯგუფში საქართველოს მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.

მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, კანადა საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი და ინვესტორი ქვეყანაა.

„მასთან აღნიშნული შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოში ხარისხობრივი ინვესტიციების შემოდინებას, რომლებიც უზრუნველყოფს ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს. ის წაახალისებს კანადელ ინვესტორებს, დაინტერესდნენ საქართველოს ეკონომიკით ან გაზარდონ არსებული ინვესტიციები.

ველოდებით, რომ საინვესტიციო შეთანხმება წაახალისებს სამეწარმეო ინიციატივებს და სტიმულს მისცემს კერძო კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას. შეთანხმების დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის", - განაცხადა გენადი არველაძემ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებს შორის მოლაპარაკებების ოთხი ოფიციალური რაუნდი 2018, 2019 და 2022 წლებშიც გაიმართა. მორიგი მე-6 რაუნდის გამართვა მიმდინარე წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა