საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, საბჭოთა ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, სტუდენტებს მიმართავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების სახელით, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სტუდენტებს მიმართავს და აცხადებს, რომ საქართველო დღესაც უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე დგას, რომლის დაძლევაში ახალგაზრდებს განსაკუთრებული მისია აკისრიათ.

დავით გურგენიძის მიმართვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ძვირფასო სტუდენტებო, დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი - საბჭოთა ოკუპაციის დღეა! უახლოესი წარსულის ეს ავბედითი მოვლენა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 70-წლიანი ოკუპაცია, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვა მოჰყვა, განსაკუთრებით აისახა საქართველოს საგანმანათლებო სისტემაზე - ფიზიკურად განადგურდნენ და დევნის ქვეშ მოექცნენ საქვეყნოდ აღიარებული, მსოფლიო დონის პროფესორ-მასწავლებები და მკვლევრები, მრავალი სტუდენტი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე ან იძულებული გახდა ემიგრანტის მწარე ბედი გაეზიარებინა.

ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ მათი სულიერი მემკვიდრეები და მათი საქმის გამგრძელებლები ხართ!

წინ მავალთ წარსულის მწარე გაკვეთილები მუდმივად უნდა გახსოვდეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დღესაც ოკუპირებული ტერიტორიებია და რომ ქვეყანა მცოცავი ანექსიის რეჟიმში იმყოფება.

შვილებო, ეს თარიღი შეგვახსენებს, რომ თავისუფლების დაცვისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია. ჩვენი ქვეყანა დღესაც უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე დგას. მის დაძლევაში ახალგაზრდებს განსაკუთრებული მისია გაკისრიათ. თქვენ უნდა იყოთ საქართველოს დაცვისა და აღმშენებლობისთვის მომზადებული, განათლებული, თანამიმდევრული, პროფესიონალიზმით აღჭურვილი ღირსეული თაობა და თქვენი აქტიური მონაწილეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ქვეყანაში მიმდინარე შენებისა და განვითარების შეუქცევადად პროცესებში.

გვჯერა, რომ თქვენს მისიას წარმატებით აღასრულებთ!

დიდება სამშობლოს! დიდება სამშობლოს დაცვისთვის მებრძოლ გმირებს! დიდება ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ქვეყანას!“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მიმართვაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა