რუსთავში „სტრატეგია აღმაშენებლის პროექტის ,,ქალები ევროპული მომავლისთვის" პირველი შეხვედრა გაიმართა

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ინიციატივითა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით, რუსთავში პროექტი - "ქალები პოლიტიკაში ევროპული მომავლისთვის" დაიწყო.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, პროექტი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს ქვემო ქართლისა და კახეთის მუნიციპალიტეტის ქალაქებს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს აღნიშნულ რეგიონებში ქალთა გაძლიერებას, გამოკვეთოს მათი როლი საზოგადოებაში.

,,დღეს, საქართველოში ხალხი ხელისუფლების წყარო აღარ არის. უკიდურესად გაღრმავებულია პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი. ეჭვქვეშ დგება საქართველოს ევროპული მომავალი. ვხედავთ, რომ 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაშიც არ გვაქვს წინსვლა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის განმავლობაში ერთი და იგივე სახეებია წარმოდგენილი პოლიტიკურ სცენაზე, რაც კიდევ უფრო ამცირებს ნდობას პოლიტიკისადმი.

სამოქალაქო ჩართულობა, ახალგაზრდული ენთუზიაზმი და ენერგეტიკა ერთადერთი გამოსავალია საყოველთაო ნიჰილიზმის, უიმედობისა და უნდობლობის დასამარცხებლად. პროექტის "ქალები ევროპული მომავლისთვის" მიზანია დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერა, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებსა და დიდ ქალაქებში.

მშვიდობიანი, პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტების არცოდნა ხელს აძლევს ხელისუფლებას გაიმყაროს ძალაუფლება და კვლავ გააღვივოს პოლარიზების პროცესი საზოგადოების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ. სწორედ აქტიური ქალების, ახალი აქტორების მხარდაჭერა და ევროპული მომავლისთვის საერთო ხედვების ხორცშესხმა არის ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ამოცანა", - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

„საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა კვლევით დასტურდება, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა ემხრობა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას. საქართველოს მოსახლეობის 65% მხარს უჭერს გენდერულ კვოტირებას, 60%-ის აზრით, ქალების მეტი ჩართულობა პოლიტიკაში დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარებაზე. ქალების 85% და კაცების 58% ფიქრობს, რომ კარიერაში ქალებს უფრო მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევთ, ვიდრე კაცებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება, როგორც საგანმანათლებლო აქტივობებით, ისევე ერთმანეთის სოლიდარობითა და თანადგომით. რუსთავის შემდეგ გორში, თელავში, სიღნაღში და მარნეულში გავმართავთ შეხვედრებს. სასიამოვნოა, რომ პროექტში ჩართვის მსურველთა რაოდენობა მზარდია", - განაცხადა ,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თეონა ჭალიძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა