ეს არის კანონზომიერი, რაც მიხეილ სააკაშვილს მოსდის - წონაში კლება, კუნთების განლევა და ახლა უკვე ძვლების განლევაც დაიწყო - ვინაიდან მას ადეკვატური მკურნალობა ვერ და არ უტარდება, - ამის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა ექიმმა, გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუმარტა, ომბუდსმენის აპარატის კონსილიუმის წევრი ექიმების მიერ ახალ დასკვნის მზადებისას გამოიკვეთა, რომ ყოფილი პრეზიდენტზე დასმული კახექსიის დიაგნოზი „უფრო გაღრმავდა.“
„ეს არის კანონზომიერება, თუ ავადმყოფს გაუმჯობესება არ აქვს და ამას ჩვენ სექტემბრის ბოლოდან ვუყურებთ. 4 დეკემბერს, 19 თებერვალს ვნახეთ და ეს პროცესები ღრმავდება, კახექსია ღრმავდება. ეს არის კანონზომიერი, რაც მიხეილ სააკაშვილს მოსდის: წონაში კლება, კუნთების განლევა და ახლა უკვე ძვლების განლევაც დაიწყო. ეს ნელ-ნელა კანონზომიერად მიმდინარეობს, ვინაიდან მას ადეკვატური მკურნალობა ვერ და არ უტარდება“, - აღნიშნა გრიგოლიამ.
მისივე თქმით, თუ ის 55 კილოგრამს მიაღწევს, მერე აბსოლუტურად შეუქცევადი პროცესები დაიწყება.
„ჩვენი კონსილიუმის დასკვნა თითქმის უკვე მზად არის, როდის გასაჯაროვდება ამას ომბუდსმენის აპარატის გადაწყვეტს. ახალი დეტალებია არის ის, რომ ღრმა კახექსია უფრო გაღრმავდა, ამ ორ-თვე ნახევარში კიდევ 6 კილოგრამი დაკლებული აქვს და ჩვენ ამ დასკვნაში ვსაუბრობთ, რა შეიძლება ასეთ კატასტროფულ კლებას მოჰყვეს. მისი სიმაღლიდან გამომდინარე კატასტროფული წონა 55 კილოგრამი არის, თუ ამ 55 კილოგრამს მიაღწევს, მერე აბსოლუტურად შეუქცევადი პროცესები დაიწყება. დღესდღეობით ჯერ 64 კილოგრამია და წონა ნახვის დროს ცოტა მეტი იყო, როგორ განვითარდება პროცესები არ ვიცით, თუ გაგრძელდა ეს კლება კატასტროფული შედეგი იქნება და სწორედ, ჩვენს ბოლო დასკვნაში ამ რისკებზე იქნება ლაპარაკი.
ჩვენ ბოლო ვიზიტის დროს სამედიცინო ბარათთან წვდომა არ გვქონდა, მაგრამ ომბუდსმენის სამსახურმა ეს ინფორმაცია მოიზიდა. ჩვენი ყველა შემდეგი ვიზიტი დაგეგმილია ომბუდსმენის სამსახურის მიერ. ალბათ, ჯერ წინა ვიზიტის დასკვნა უნდა დავდოთ და შემდეგ ალბათ, უნდა ვიფიქროთ კვლავ შედგება თუ არა ვიზიტი“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.