ამ წუთებში იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას სახელწოდებით „გადაარჩინეთ ქვეყნის ევროპული მომავალი“ მართავენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რატი ბრეგაძის უწყებამ 27 ქვეყნის მიერ ხელმოწერილი ნოტას პირობები დააკმაყოფილოს და მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.
ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით „თავისუფლება მიშას!“. ისმის საყვირებისა და დასარტყამი ინსტრუმენტების ხმა, რითაც აქციის მონაწილეები პროტესტს გამოხატავენ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, რატი ბრეგაძეს, იმისთვის, რომ თავისი უმოქმედობით პატიმრის სიცოცხლის მოსპობაში მონაწილეობს, გარდა პოლიტიკურისა, სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დაეკისრება.
„გუშინ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, 27 ქვეყნის ხელმოწერილი ნოტა რატი ბრეგაძეს, ანუ მთლიანად საქართველო მთავრობას გადმოსცა. საუბარი იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს იმით, რომ ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. ახლა სხვა გამოსავალი არ არსებობს. თავად კლინიკა „ვივამედმაც" დაადასტურა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კლინიკაში კი არ უმჯობესდება, არამედ, ყოველდღიურად უარესდება. ჩვენ რატი ბრეგაძესთან მოვედით, რათა ვუთხრათ მას, რომ გარდა პოლიტიკური პასუხისმგებლობისა, სამართლებრივი პასუხისგებაც მოუწევს და აუცილებლად, დაისჯება იმისთვის, რომ მისი მსგავსი უმოქმედობით, პატიმრის სიცოცხლის მოსპობაში მონაწილეობს", - აღნიშნა გიორგი მუმლაძემ.