საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროექტის - „ოზურგეთის ახალი სიცოცხლე“ პრეზენტაცია გამართეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების მასშტაბური პროექტის - „ოზურგეთის ახალი სიცოცხლე“ პრეზენტაცია გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის 35 სტუდენტმა პროექტი მენტორების, პროფესორების - ფაკულტეტის დეკანის ნინო იმნაძის, ბესარიონ ტატიშვილის, ქეთევან სალუქვაძისა და ნინო გობეჯიშვილის ხელმძღვანელობით წარადგინეს. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრი ვასილ ჩიგოგიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ქალაქ ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, ვიცე-მერი გიორგი ღურჯუმელიძე, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის განცხადებით, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ შემუშავებული პროექტი, რომელიც გურიის ქალაქ ოზურგეთში გასული საუკუნის შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციას ითვალისწინებს, თავისი არსითა და თემატიკით, ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა.

„ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმა, მომავალმა არქიტექტორებმა ღირსეულად გაართვეს თავი ამ საკმაოდ რთულ გამოწვევას და წარმოადგინეს მასშტაბური პროექტი, რომელიც ოზურგეთში გასულ საუკუნეში აშენებული ნაგებობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას და თანამედროვე მოთხოვნებთან მათ სრულ ადაპტაციას ითვალისწინებს. სტუდენტებმა, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების მენტორობით, პროექტზე რამდენიმე თვე იმუშავეს, იმყოფებოდნენ ოზურგეთში და ადგილზე შეისწავლეს ყველა ის შენობა, რომელიც პროექტშია წარმოდგენილი. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ფაკულტეტის აკადემიური წრეები მოხარული ვართ, რომ სტუდენტების პროექტმა ოზურგეთის მერის და მოწვეული სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. დარწმუნებული ვართ, პროექტი აუცილებლად განხორციელდება. რაც მთავარია, მომავალმა არქიტექტორებმა, სასწავლო პრაქტიკის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს“, - აღნიშნა კარლო კოპალიანმა.

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების პროექტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„ეს ახალგაზრდების მიერ შექმნილი ძალიან საინტერესო პროექტი და ხედვაა. ვფიქრობთ, ახლო მომავალში, მსგავსი პროექტებით უთუოდ დაინტერესდებიან სხვა მუნიციპალიტეტებიც და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა უფრო აქტიური გახდება. პროექტი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თავად სტუდენტებისთვის - მათ შეძლეს, თავიანთი ხედვების განხორციელება“,- განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

ქალაქ ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განმარტებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

„პროექტში - „ოზურგეთის ახალი სიცოცხლე“, პროფესორ-მასწავლებელთა მენტორობით, ახალი თაობის ურბანისტები და დიზაინერები ჩაერთნენ. სამუშაო ჯგუფი ოზურგეთს ეწვია, დაათვალიერეს არსებული შენობები, გარემო და პროექტში ახლებური ხედვა წარმოადგინეს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ პროექტის განხორციელებას. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრანტის, ნინო გოგიჩაიშვილის თქმით, პროექტში მონაწილეობა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, პროექტის თემა კი მრავალ სიახლეს ითვალისწინებს და ამასთან ერთად, განსაკუთრებულ ინსპირაციას ბადებს. როგორც პროექტის მონაწილე კიდევ ერთმა სტუდენტმა, მაგისტრანტმა გურამ მგელაძემ აღნიშნა, ოზურგეთის ძველი შენობების რეკონსტრუქციის პროექტში 35 სტუდენტია ჩართული. მისი თქმით, სამუშაომ იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ მსგავს პროექტებს სტუდენტები საქართველოს სხვა რეგიონებშიც სიამოვნებით განახორციელებენ.

როგორც სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო იმნაძე აღნიშნავს, გასული საუკუნის შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის ინიციატივა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ეკუთვნის, სრულ თანხვედრაშია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრინციპებთან, რაც რეალურ პროექტებში სტუდენტების მონაწილეობას გულისხმობს.

„ოზურგეთის მერიის ინიციატივა უნივერსიტეტისა და ჩვენი ფაკულტეტისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. სტუდენტებმა რეალურად იმუშავეს ყოველ დეტალზე - ანაზომებიდან დაწყებული, მუშა-ნახაზებითა და კონცეფციის შემუშავებით დასრულებული. პრეზენტაციაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები პირადად გაეცნენ წარმოდგენილ ნამუშევრებს. შემდგომი ფაზა უკვე დეტალური პროექტირებაა. მომავალმა არქიტექტორებმა უნდა იცოდნენ, რა არის ქვეყნის აღმშენებლობისთვის პრიორიტეტული. ამ ეტაპზე კი, ნამდვილად აქტუალურია გასული საუკუნის შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია. ეს მემკვიდრეობა დღეს უდავოდ საჭიროებს განახლებასა და თანამედროვე გარემოსთან ადაპტაციას“, - აღნიშნა ნინო იმნაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა