თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ საფრანგეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
უნივერსიტეტის ცნობით, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტის შესახებ პირველადი შედეგები და მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივები თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ და რენი1-ის (Université de Rennes) უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტმა, მიუღიელ ისლერმა, უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.
„შეხვედრის მონაწილეებმა ფრანგულ-ქართული საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი, ორმხრივი და ორმაგი ხარისხის პროგრამების ახალ კომპონენტებზე ისაუბრეს და თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ორი ახალი პროგრამის შექმნის შესაძლებლობა განიხილეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროკავშირის პროგრამის ერასმუს +-ის მიერ დაფინანსებულ ფრანგულ-ქართული საუნივერსიტეტო კონსორციუმის პროექტში მონაწილეობს. კონსორციუმში რამდენიმე ფრანგული და ქართული უნივერსიტეტია გაწევრიანებული. პროექტის ფარგლებში, თსუ-ში ორი ერთობლივი პროგრამა მოქმედებს: „ლუმიერის ლიონ 2-ის“ უნივერსიტეტთან ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი“ და პარი საკლეს უნივერსიტეტის ჯგუფის წევრ „ევრის“ უნივერსიტეტთან ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამა კომპიუტერულ მეცნიერებაში.
შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორის მოადგილე ოლენ ბომპეი, საერთაშორისო პროექტების მენეჯერი და ფრანგულ - ქართული ერაზმუს+ კონსორციუმის მენეჯერი ბლანდინ ვალე-გიკელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.