თბილისში პოლიტიკური ფორუმი „გენდერული თანასწორობისთვის“ გაიმართა

თბილისში ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი "გენდერული თანასწორობისთვის" გაიმართა, რომელიც წელს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიება საქართველოს პარლამენტისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებითა და დანიისა და შვედეთის მხარდაჭერით ჩატარდა.

„უწყვეტი პროგრესი გენდერული თანასწორობის მიმართულებით აუცილებელია საქართველოს დემოკრატიისთვის, განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ყოველწლიური ფორუმი ქმნის დისკუსიის პლატფორმას, სადაც პოლიტიკოსებს, თანამდებობის პირებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შეუძლიათ ერთმანეთს იდეები გაუზიარონ და ერთად იმუშაონ თანასწორი და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის შესაქმნელად. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური პოლარიზების პირობებში, როდესაც გენდერული თანასწორობის მიღწევამ შესაძლოა, თავისი პრიორიტეტული მნიშვნელობა დაკარგოს. შვედეთი განაგრძობს გენდერული თანასწორობის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოში, სადაც ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს შორის თანამშრომლობა და სამოქალაქო საზოგადოების სრული და თავისუფალი ჩართულობა გადამწყვეტ მნიშვნელობას ინარჩუნებს“, - განაცხადა შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ თიდესტრომმა.

ორგანიზაციის ცნობით, ქალებისა და ახალგაზრდების პოლიტიკური გაძლიერებისა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეის გარშემო გაერთიანებულ ფორუმს 350-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.

პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობას იღებენ ყოველწლიურ დისკუსიაში გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელსაც მხარს უჭერენ გაერო-ს განვითარების პროგრამა, დანია და შვედეთი საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით.

ფორუმს უმასპინძლეს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.

ფორუმის მონაწილეებს მიესალმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

სიტყვით გამოვიდნენ შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი და გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი.

„თანასწორობა პოლიტიკაში ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას, ქმნის საერთო კეთილდღეობას ყველა მოქალაქისთვის და დადებითად აისახება მთლიანად საზოგადოებაზე. შვედეთთან, დანიასთან და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, UNDP მხარს უჭერს გენდერული თანასწორობის საკითხებში შეთანხმებული პოზიციის მიღწევას როგორც პოლიტიკურ პარტიებში, ისე მმართველობის ყველა დონეზე“, - განაცხადა UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, პანელური დისკუსიების მონაწილეებმა განიხილეს გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური საკითხები. ასევე გაიმართა მსჯელობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე.

„დისკუსიებს გაუძღვნენ პარლამენტის წევრი ხატია წილოსანი (პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“), პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი (პოლიტიკური პარტია „ლელო“), პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე (პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

ფორუმი დასრულდა ახალგაზრდული ჯგუფების გამოსვლით, რომლებმაც მმართველობაში თანასწორობის გაზრდის გზებზე ისაუბრეს და საქართველოს სამომავლო პოლიტიკის საკუთარი ხედვა წარმოადგინეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი