ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის საშუალება არ მიეცეს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რითაც იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება.
როგორც ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ორკესტრირებულად მოქმედებს პოლიტიკური და სამედიცინო ნაწილი.
„იუსტიციის მინისტრს ახალი არაფერი უთქვამს. ამას რამდენიმე თვეა ორკესტრირებულად აცხადებენ, პრემიერ-მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, მაღალი თანამდებობის პირები, პარლამენტარები და ბოლო დღეებში ჩაერთო კლინიკა „ვივამედის“ ორი ექიმი: ზურაბ ჩხაიძე და თამარ დავარაშვილი. ორკესტრირებულად მოქმედებს პოლიტიკური და სამედიცინო ნაწილი.
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლების განცხადებები, ევროპარლამენტარებზე, დასავლეთზე ახალი არ არის. მათი გადმოსახედიდან, დედამიწაზე ყველა „ნაციონალია“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტია. ხელისუფლებას ფაქტია გადაწყვეტილი აქვს, რადაც არ უნდა დაუჯდეს სააკაშვილს მკურნალობის საშუალება არ მიეცეს. ვისმენთ გაუგონარ განცხადებებს, რომ სააკაშვილს სამკურნალო არაფერი არ სჭირს და პრობლემა დაიყვანეს იქამდე, თურმე სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ადვოკატი ასევე გამოეხმაურა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, თამარ დავარაშვილის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს.
ხაჭაპურიძის თქმით, თამარ დავარაშვილმა სამარცხვინო განცხადება გააკეთა.
“სამარცხვინოა ეს განცხადება, როცა ამას ექიმი აკეთებს. საერთაშორისო სამედიცინო დარგში 17 ექსპერტი იყო ჩართული და სახალხო დამცველის 6 ექსპერტი. ამასთან, ჩართული იყო ბრიტანელი ფსიქიატრი. ექსპერტების 3 დამოუკიდებელი ჯგუფის ორი დიაგნოზი თანხვედრაშია, ეს არის კახექსია და დემენცია. არის კიდევ ერთი დიაგნოზი, რომელიც გათავისუფლების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა 10 დიაგნოზია, ჯამში 13 დიაგნოზია, რითაც ან გათავისუფლება უნდა მომხდარიყო ან გადავადება.
რით ადასტურებს ამას ქალბატონი თამარი? ქალბატონი თამარი არის ჰიპოკრატე, მის იქით არავინ არაფერი არ არის, არც დევიდ გოლდსმიტი, არც კორნელიუს კატონა. თამარი და ზურაბი არიან დედამიწაზე ყველაზე მაგარი ექიმები. საერთოდ, საბჭოთა კავშირის ჯარის ექიმი იყო ზურაბ ჩხაიძე. გადახედეთ ბიოგრაფიას სად მუშაობდა. ოკუპანტი ჯარის ექიმი იყო. დილას რასაც გეუბნება, საღამოს არ ახსოვს, ასაკშია უკვე ადამიანი“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმე სამედიცინო სამართალს გასცდა და სააკაშვილის ავადმყოფობაზე სასამართლო ლაზღანდარობს.
ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ სააპელაციო სასამართლოში დასრულდეს საქმე და შემდეგ გაგრძელდეს საერთაშორისო სასამართლოში.
„ეს ყველაფერი სამედიცინო სამართალს გასცდა. მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში დაწერა და თქვა: „ვიზიარებ ამ დაავადებებსო“. ამას თამარა და იუსტიციის მინისტრი რატომ გაურბიან? ელჩებს ანახა მოსამართლემ რა ჩაწერა გადაწყვეტილებაში, 46-ე პუნქტში? მოსამართლემ დაადასტურა, რომ სააკაშვილის ეს დიაგნოზები აქვს, მაგრამ სააკაშვილი კრიმინალი არისო. ის, რომ სააკაშვილი ავად არის ამაზე სასამართლო ლაზღანდარობს. პოლიტიკურმა ნაწილმა გადაფარა სამედიცინო ნაწილი და უკვე ვის აინტერესებს სააკაშვილი.
ამ საქმის საქართველოში გადაწყვეტა წარმოუდგენელია. სააკაშვილი ამბობს, რომ აპელაციაში დამთავრდეს საქმე და მერე ვიფიქროთ საერთაშორისო სასამართლოზე. ეს არის პოზიცია. საქართველოს სასამართლოები ამ საქმეზე გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, მათზე ახდენენ პოლიტიკურ ზეწოლას“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.