საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსში“ სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მე-4 კურსის სტუდენტის, ერეკლე თაბაგარის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა - „მოლბერტიდან ეკრანამდე“ გაიხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი ციფრული გრაფიკა და ლაინ-არტი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და მიწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.
სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტთა თვითშემოქმედების მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის სრულ მზაობას გამოთქვამს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით, ერეკლე თაბაგარს, ჩვენს სტუდენტსა და ნიჭიერ ხელოვანს ვულოცავთ პირველ პერსონალურ გამოფენას, ვუსურვებთ შემოქმედებით და კარიერულ წარმატებებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გამოთქვამს სრულ მზაობას, საუნივერსიტეტო თვითშემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით, ყოველმხრივი მხარდაჭერა აღმოუჩინოს ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომ მათ საზოგადოების წინაშე თავიანთი შემოქმედების დემონსტრირება შეძლონ. გალერეაში გამოფენის მოწყობა უკავშირდება გარკვეულ სოლიდურ ხარჯებს, რისი დაფარვა, ხშირად, სტუდენტისა და მის ოჯახისთვის საკმაოდ რთულია. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი სწორედ უნივერსიტეტის როლი და მხარდაჭერაა, რათა ნიჭიერ ახალგაზრდებს წინსვლასა და კარიერულ ზრდაში დაეხმაროს“, - აღნიშნავს დავით ოქიტაშვილი.
როგორც სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, ნინო იმნაძე აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცე საუკეთესო შესაძლებლობაა სტუდენტური თვითშემოქმედების დემონსტრირებისა და პოპულარიზაციისთვის.
„გამოფენა ძალიან საინტერესოა. დასაფასებელია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცეში არსებობს გალერეა „უნივერსი“, რაც საუკეთესო შესაძლებლობაა, როგორც სტუდენტური გამოფენების ორგანიზების, ახალგაზრდების ნიჭისა და უნარების გამოვლენის მხრივ, ასევე, ზოგადად, საუნივერსიტეტო თვითშემოქმედების დემონსტრირებისა და პოპულარიზაციისთვის. ერეკლე თაბაგარის ნამუშევრები, პირველ რიგში, გვაოცებს ფერთა შეხამებით, განსაკუთრებულია „წითელი“, რომელიც დომინირებს ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრებში, საინტერესოა ფიგურების განლაგება და მათი ტრანსფორმაცია, თუ როგორ აღიქვამს და გადმოსცემს ის რეალობას - ეს აბსოლუტურად თვითმყოფადი და მკვეთრად ინდივიდუალური დამოკიდებულებაა შემოქმედისა, რომელსაც უშრეტი ფანტაზია გააჩნია. რაც მთავარია, ყველა ნამუშევარი გაციფრულებულია, ეკრანზე ტრანსფორმირდება და მოძრაობაში მოდის ფიგურები. მომეწონა მხატვრის დამოკიდებულება - მისი არც ერთი ნამუშევარი არ არის დასათაურებული და გაიძულებს, იფიქრო და გონებაში შენეული ტრანსფორმაცია გააკეთო. დამთვალიერებლისთვის ესეც არანაკლებ საინტერესო და შემოქმედებითი პროცესია. წარმატებებს ვუსურვებთ ერეკლეს“, - აღნიშნავს ნინო იმნაძე.
სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტის, ერეკლე თაბაგარის თქმით, უნივერსიტეტის მხარდაჭერა და პირველი პერსონალური გამოფენა, როგორც უმნიშვნელოვანესი მოვლენა მხატვრის ცხოვრებაში, მისთვის დაუვიწყარი იქნება.
„ეს ჩემი პირველი პერსონალური გამოფენაა და, რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავ. იმედი მაქვს დამთვალიერებელი კარგად მიიღებს და შეაფასებს ჩემს ნამუშევრებს. მნიშვნელოვანია, როგორც ჩემი პედაგოგების, პროფესორ-მასწავლებლების, ასევე, ჩემი ფაკულტეტის სტუდენტების აზრი წარმოდგენილი ნამუშევრების, ჩემი ციფრული გრაფიკისა და ლაინ-არტის შესახებ. გარდა ამისა, გამოფენაზე შევეცადე გამეკეთებინა პრეზენტაცია ახალი ბრენდის, რომლის დაფუძნებასაც უახლოეს მომავალში მეგობრებთან ერთად ვაპირებ. მინდა თანადგომისთვის მადლობა გადავუხადო ჩემს უნივერსიტეტს, რექტორს, ბატონ დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, დიზაინის საერთაშორისო სკოლას და დეკანს ბატონ ნიკოლოზ შავიშვილს, ქალბატონ თამარ გაგნიძეს, რომელმაც დახმარება გამიწია საგამოფენო კონცეფციის სრულყოფასა და ექსპოზიციის მოწყობაში, გალერეა „უნივერსის“ ხელმძღვანელს ქალბატონ ლალი ღოღელიანს, ბატონ დავით ოქიტაშვილს, პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს, ვინც გამოფენა დაათვალიერა და თავისი მოსაზრებები გამიზიარა. ეს დღე დაუვიწყარი იქნება ჩემთვის“, - ამბობს ერეკლე თაბაგარი.
სტუ-ის ინფორმაციით, დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრის, ერეკლე თაბაგარის ნამუშევრების დათვალიერებას უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ასევე, ნებისმიერი მსურველი გალერეა „უნივერსში“ ერთი კვირის განმავლობაში შეძლებენ.