Politico - ევროკავშირი ახალი სანქციების შემოღების ნაცვლად, არსებულის გაძლიერებაზე კონცენტრირდება

Politico - ევროკავშირი ახალი სანქციების შემოღების ნაცვლად, არსებულის გაძლიერებაზე კონცენტრირდება

ევროკავშირი არსებული სანქციების გაძლიერებაზე კონცენტრირდება, ახლების შემოღების ნაცვლად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი მიდგომა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ზეწოლით არის განპირობებული (ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის გარდა), რომლებიც ამტკიცებენ, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ახალი სანქციებისთვის ადგილი აღარ არის.

გამოცემის წყაროების მტკიცებით, დარჩენილი სექტორების წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირს უფრო ავნებდა, ვიდრე რუსეთს. მათ შორის არის სასუქი, რომლის მეშვეობითაც ხდება სურსათზე მსოფლიოს ფასების შეკავება, იშვიათმიწა ელემენტები, რომელიც ევროპული საავტომობილო მრეწველობის მიერ გამოიყენება, რადიოაქტიური იზოტოპები, რომლებიც ფარმაცევტული კომპანიების მიერ გამოიყენება, გამდიდრებული ურანის ძელები, რომლებიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რიგ ატომურ ელექტროსადგურებზე გამოიყენება, და ტიტანი, რომელიც საავიაციო მრეწველობაში გამოიყენება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა სანქციების უკვე 10 პაკეტი მიიღო, მაგრამ ამის მიუხედავად, მაგალითად, რუსული ავიაკომპანია “აეროფლოტი” ფრენებს აგრძელებს, ნაწილების მიწოდებაზე აკრძალვის მიუხედავად. ამავდროულად კი, რუსეთის თავდაცვითმა მრეწველობამ სასანქციო ნაწილები ორმაგი დანიშნულებისა და გადამუშავებული სამომხმარებლო ნაწარმით ჩაანაცვლა.

“გასულმა წელიწადმა აჩვენა ევროკავშირისა და ჩვენი პარტნიორების მზაობა დაიცვან ის, რაც სწორია, მიუხედავად ფასისა. მაგრამ მან ასევე აჩვენა, რომ ზოგიერთ ასპექტში სტრუქტურული ცვლილებები გვჭირდება. სანქციების 10 პაკეტის სწრაფი მიღება უდიდესი მიღწევა გახდა. ახლა ჩემი როლი იმაში მდგომარეობს, რომ უზრუნველვყო მათი ეფექტიანი შესრულება, და არა მესამე ქვეყნების მეშვეობით გვერდის ავლა”, - თქვა სანქციების იმპლემენტაციის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა.