მარიამ ქვრივიშვილმა იაპონიის მთავრობის გრანტით შეძენილი ტექნიკის ოფიციალური გადმოცემის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ მონაწილეობა მიიღეს იაპონიის მთავრობის გრანტით შეძენილი ენერგოეფექტური ავტომობილების ოფიციალური გადმოცემის ცერემონიალში, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საგრანტო პროექტით, რომელიც მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვას შეეხება, 2016 წელს აეროპორტის მიმდებარედ მზის პანელები დამონტაჟდა. გრანტის მეორე ნაწილი ენერგოეფექტური ავტომობილების შესყიდვას მოხმარდა - 2 ერთეული საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას გადაეცემა, თითო - თითო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ილიას უნივერსიტეტს.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობასა და ხალხს მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის, მათ შორის, საავიაციო ინდუსტრიაში მწვანე ენერგეტიკის ათვისება - დანერგვის მიმართულებით. მისი თქმით, მთავრობა დარგის მდგრად განვითარებას ახორციელებს, რაც საავიაციო ინდუსტრიის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას უწყობს ხელს.

„ჩვენ მივესალმებით საავიაციო და ტურიზმის ინდუსტრიებში მწვანე ენერგიის გამოყენებას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია თბილისის აეროპორტში, სადაც იაპონიის მთავრობის დახმარებით, მზის პანელები დამონტაჟდა. ამავე გრანტით ჩვენ გადმოგვეცა ენერგოეფექტური სატრანსპორტო საშუალებები - ესეც კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია. მწვანე ტრანსპორტის დანერგვით ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ სათბური აირების ემისიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„იაპონია მიზნად ისახავს ემისიების მინიმიზაციას 2050 წლისთვის და ხელს უწყობს მსოფლიოს დეკარბონიზაციას მოწინავე ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით. ამიტომაც გვიხარია საქართველოსთან პარტნიორობა. ამ ოთხი მანქანის შენაძენი კლიმატის ცვლილების საკითხების მიმართ საქართველოს ერთგულების კიდევ ერთი ძლიერი დემონსტრირებაა“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ.

მისი თქმით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) 2016 წელს განახორციელა „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტი“ და მათ გრანტის ფარგლებში გადაწყვიტეს მოეძიებინათ დამატებითი დაფინანსება ოთხი ენერგოეფექტური მანქანის შესაძენად.

„იმედი მაქვს, რომ ეს პარტნიორობა საქართველოსთან ხელს შეუწყობს ჩვენი ამბიციური მიზნების მიღწევას,“ - განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში.

სამინისტროს ცნობითვე, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ იაპონიის ელჩის მოადგილე სუძუკი ტოშიიუკი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ტავ - ჯორჯიას დირექტორი თეა ზაქარაძე, აგრეთვე JICA - ს, კომპანია „ტოიოტა კავკასიის“, „Crown Agents For Oversea Governments and Administrations“ - ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პასუხისმგებელი პირები.

„მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტი“ საქართველოს მთავრობისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საგრანტო შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა