შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ირენე ფელინი.
„ალექსანდრე დარახველიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 რეზოლუციის განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულებაში და ნაკისრი აქვს ვალდებულებები, რომლებიც ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის და ქალის როლის გაძლიერებას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გაწეული მხარდაჭერის როლი, რომლის შედეგადაც, სამინისტროში თანამშრომელთა გადამზადებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.
კონფერენცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.