საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „სანდრო ურუშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, განსახილველ საქმეზე სადავო ნორმა ადგენს, რომ წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის დედისერთა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია და არღვევს თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „სანდრო ურუშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1656).
დავის საგანს წარმოადგენს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
განსახილველ საქმეზე სადავო ნორმა ადგენს, რომ წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის დედისერთა.
მოსარჩელის განმარტებით, საფუძველი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების შესაძლებლობას აძლევს მხოლოდ დედისერთებს, მშობლის სქესის ნიშნით დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს დედისერთა და მამისერთა შვილებს. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი და დიფერენცირება ეფუძნება არსებულ ტრადიციულ შეხედულებებს, რომლებიც განაზოგადებს გენდერულ როლებს. კერძოდ, განამტკიცებს შეხედულებას, რომ ქალი, მამაკაცისაგან განსხვავებით, საჭიროებს დამატებით ზრუნვას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არათუ აძლიერებს ქალებს, არამედ პირიქით, აკნინებს მათ შესაძლებლობებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია და არღვევს თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია“- ნათქვამია ინფორმაციაში.