დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა და მშობლებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი მარნეულში მოქმედი დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა”, „არ დაკეტოთ ჩვენი სკოლა”, „ჩვენი სკოლა უსაფრთხოა!” „ნება მოგვეცით, რომ ვისწავლოთ”, „თქვენ ნებას არ აძლევთ ახალ თაობას, რომ ისწავლონ!”
დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორის თქმით, ისინი ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებენ, რომ სკოლას სტატუსი აღუდგეს.
„დღეს აქ მშობლები, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წინ შევიკრიბეთ, რადგან გვსურს ჩვენს სკოლას ავტორიზაცია დაუბრუნდეს. დღეს უწყებაში განაცხადი უნდა შევიტანოთ, სადაც მშობლები და მასწავლებლები ხელს აწერენ, რომ სკოლას ავტორიზაცია უნდა დაუბრუნდეს. ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ სკოლის ფუნქციონირება აღდგეს. ამ შენობაში ჩვენი სკოლის ავტორიზაციის შეჩერება მოხდა და ამის დაბრუნება წლის ბოლომდე მაინც გვინდა, მონიტორინგის საფუძველზე მოხდა ჩვენი სკოლის ავტორიზაციის შეჩერება, მაგრამ ჩვენ ხარვეზები შევასწორეთ, რაც საბჭომ არ გაითვალისწინა”, - განაცხადა ახმეთ თუღრულმა.
სკოლა-ლიცეუმის ერთ-ერთი მშობლის, თეონა ანდრეაძის ინფორმაციით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 150 მშობლის სახელით განცხადება შეიტანეს, რითაც ისინი უწყებას აღნიშნულ სკოლაში სემესტრის გახანგრძლივებას სთხოვენ.
„პირველ რიგში, აქ მოვედი, როგორც მშობელი და დედა. ეს პირველი სკოლა იყო, რომელმაც მარნეულში ზრუნვა დაიწყო, რომ აზერბაიჯანელებს ქართული ენა ესწავლათ, მაგრამ ჩვენ სახელმწიფოს ნასწავლი საზოგადოება არ სჭირდება იმიტომ, რომ უსწავლელების მართვა უფრო ადვილია. ჩემი შვილის ფსიქოლოგიაზე არავინ ფიქრობს, სამი დღეა ჩემი შვილი ტირის. საერთოდ როგორ შეიძლება, რომ ქართული სკოლა დაიხუროს?! იმის ნაცვლად, მარნეულში ქართული სკოლა გახნან, რას აკეთებენ? - ხურავენ. ჩვენ მოვედით აქ მშვიდობიანი აქციით, ჩვენ გვინდა, რომ ვთხოვოთ მოგვცენ სამი თვე, რომ ჩემმა შვილმა მეორე სემესტრი დაამთავროს. აღნიშნულ განცხადებას 150 მშობელი აწერს ხელს”, - აღნიშნა თეონა ანდრეაძემ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მარნეულის სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა, ხათუნა კოსიაშვილმა აღნიშნა, ლიცეუმის დაკეტვით 30-მდე მასწავლებელი სამსახურის გარეშე დარჩა, რაზეც განათლების სამინისტროს რეაგირება არ აქვს.
„მე, როგორც ამ სკოლაში მომუშავე ერთ-ერთი დაზარალებული პედაგოგი ვითხოვ სასწავლო პროცესის გახანგრძლივებას და ჩემი შრომითი უფლებების აღდგენას. განათლების სამინისტრო ჩვენი პრობლემებით არ დაინტერესებულა. 30-მდე პედაგოგი სამუშაოს გარეშე ვრჩებით, არავინ კითხულობს, სად მივდივართ ან სად წავალთ. ამას ემატება ისიც, რომ სხვა სკოლებში ადგილები არ არის. ჩვენთან საუბრისას რესურს ცენტრმა მხოლოდ ის გვითხრა, რომ განცხადებები დაწერეთ და შეიძლება დაგაკმაყოფილოთო”, - განაცხადა პედაგოგმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს ხვდებიან. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.