შპს „საირმე მინერალ ვოთერსი“ თანამშრომლების განცხადებას ავრცელებს.
შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხანაში საწარმოო პროცესი გაფიცვის ფონზე გრძელდება. გაფიცულების მხრიდან კვლავინდებურად, ადგილი აქვს პროვოკაციას, დეზინფორმაციის გავრცელებას და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. ასევე პრობლემად რჩება გაფიცულების დამოკიდებულება იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც აგრძელებენ მუშაობას და ასევე იმ თანამშრომლების ნაწილის მიმართ, რომელიც აქციაზე არ გადის და იძულებულია დარჩეს სახლში. არის მუქარის, დაშინებისა და შანტაჟის ფაქტები.
შპს „საირმე მინერალ ვოთერსი“ თანამშრომლების განცხადებას ავრცელებს, რაზეც ხელს აწერენ კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას.
“ჩვენ, „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები, ვთანხმდებით და ერთხმად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით გაფიცვას, ვმუშაობთ და ვაპირებთ მუსაობის გაგრძელებას, რაშიც რაშიც ხელს გვიშლის პირადად გიორგი დიასამიძე და გაფიცული თანამშრომლების გაკრვეული ნაწილი. გვინდა ყველას გავაგებინოთ, რომ პროვოკაციის მიზნით, გიორგი დიასამიძე და ჩვენი თანამშრომლების ნაწილი, ვინც გაფიცულია, სპეციალურად კეტავენ გზებს, რადგან საწარმოდან არ მოხდეს პროდუქციის ტრანსპორტირება. ისინი ასევე ხელს გვიშლიან საწარმოში შესვლაში, გვაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და დაჟინებით გვთხოვენ, რომ არ გავაგრძელოთ მუშაობა. არის შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს დაშინებას, მუქარას და ზოგიერთი თანამშრომელი იძულებულია დარჩეს სახლში, რომ თავი აარიდოს კონფლიქტს, დაპირისპირებას. ჩვენ ვთვლით, გაფიცვის ორგანიზატორის, გიორგი დიასამიძის ინტერესი საწარმოო პროცესის სრულად შეწყვეტაა და არა - გაფიცულების ინტერესების დაცვა, რაც კარგად ჩანს მის განცხადებებში და ქმედებებში. ქარხნის გაჩერებით დაზიანდება არა მხოლოდ კომპანია, არამედ ჩვენც, ვინც აქ ვართ დასაქმებულები,” - ვკითხულობთ განცხადებაში.
ის თანამშრომლები, რომლებიც არ უერთდებიან გაფიცვას და აგრძელებენ მუშაობას, ემიჯნებიან ყოველგვარ პროვოკაციულ ქმედებას და იმ ცრუ ინფორმაციებს, რაც კომპანიის მისამართით მიზანმიმართულად ვრცელდება. ისინი გაფიცულ თანამშრომლებს კომპანიასთან მოლაპარაკებისკენ მოუაოდებენ, რადგან მიაჩნიათ რომ საწარმოო პროცესი არ უნდა გაჩერდეს ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესების გამო.
თვალსაჩინოებისთვის განცხადებას ვურთავთ თანამშრომლების ხელმოწერებს:
შეგახსენებთ, რომ შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა ნაწილმა 13 თებერვლიდან გაფიცვა გამოაცხადა. გაფიცვას წინ უძღვოდა 21 დღიანი მედიაციის ინტენსიური პროცესი, თანამშრომლების მოთხოვნებზე საპასუხოდ კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი შეთავაზებები ქარხანაში დასაქმებულებმა დაიწუნეს, უფრო მეტიც, პარალელურად რამდენჯერმე შეიცვალა მათი მოთხოვნები და რადენობრივადაც გაიზარდა. მედიაციის დასრულებამდე ისინი გაფიცვის რეჟიმში გადავიდნენ.
(R)