პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შექმნიდან ერთი წლის აღსანიშნავად, 2 მარტს შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში, ღონისძიება გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი, პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი, მოადგილე - გელა გელაშვილი, ასევე სამსახურის სხვა წარმომადგენლები სოფელ ქვეშის საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა გამართეს.
ლელა ჯანაშვილის განცხადებით, საგანმანათლებლო სფერო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„ერთის მხრივ, მოსწავლეთა პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობა და მეორეს მხრივ თავად მოსწავლეებში მონაცემთა დაცვის კულტურის განმტკიცებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამ მიზნით სამსახური სხვადასხვა ტიპის აქტივობებს ატარებს.
სამსახურის ექსპერტ - ანალიტიკოსებმა ნინო ცაგარეიშვილმა და გვანცა გაბაიძემ მე7 - მე12 კლასის 70- ზე მეტ მოსწავლეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე ინტერაქციული გაკვეთილი ჩაუტარეს და სამახსოვრო, ბრენდირებული საჩუქრები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ სოფელი ქვეში შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელია და საჯარო სკოლაში მოსწავლეები სოფელ ქვემო არცევიდანაც დადიან.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრენინგებსა და ზოგადად არასრულწლოვნებისათვის განკუთვნილ სხვადასხვა აქტივობებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.