შენ ხომ გაქვს რეიტინგი, ძალიან პოპულარული კაცი ხარ ამ ქვეყანაში, ვაი, შენს პატრონს! თავს ვიკავებ, რომ არ შეგაგინო, - ასე მიმართა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მას შემდეგ, რაც სიტყვით გამოსვლის დროს მას ზარქუამ პოლიტიკურ რეიტინგთან დაკავშირებით რეპლიკით საუბარი შეაწყვეტინა.
სამნიძემ უმრავლესობის დეპუტატებს ქვეყნის მტრები უწოდა.
„არგუმენტი არ გაქვს და რეიტინგზე მელაპარაკები - ქვეყანას ანგრევთ, თქვე საცოდავებო და რეიტინგზე მელაპარაკებით? ისე აშინებთ ამ ადამიანებს, ცოტა ხანში ამ ქვეყანას არ ეყოლება ერთი ადამიანიც კი, ვინც ქვეყნის ინტერესებს დაიცავს. თავს ვიკავებ, რომ არ შეგაგინო, ირაკლი, „დავაი“, თავი დამანებე, რომ ვლაპარაკობ, ნუ მერევი, შე უზრდელო. თუ „კაიფობ“, რომ წყობიდან ვარ გამოსული იმის გამო, რომ ქვეყანას ანგრევთ? თქვენ ხართ ამ ქვეყნის მტრები, ქვეყნის პუტინის და რუსეთს გზაზე გამყენებლები“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
გარდა ამისა, სამნიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს მიმართა და განაცხადა, რომ ვინც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს ხელი მოაწერა, პუტინისტები არიან.
„ეს არის შენი წაყვანილი ყველაზე საშინელი ვითომ სხდომა, ნიკა [სამხარაძე], რაც მინახავს. ამ ვითომ კომიტეტის სხდომაზე ყველაფერი გააკეთე, რათა არც ჟურნალისტები და დაინტერესებული ადამიანები არ შემოსულიყვნენ. ადამიანებს, ვისაც სტიგმა უნდა დაადო, არც დალაპარაკებიხართ, ამხელა კაცებს, პუტინისტებს, ისე შეგეშინდათ. ვინც ამ კანონპროექტს ხელი მოაწერა, პუტინისტები, ამ ქვეყნის მტრები ხართ და ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ხართ. პოლიტიკური ნება გაქვთ ნული - რაც დაგიწერეს, იმას აკეთებთ და სულ ფეხებზე გკიდიათ ყველაფერი, რაც ხდება“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
შეგახსენებთ, რომ საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.