ანა მალიარი აცხადებს, რომ რუსებმა ბახმუტის გარშემო კამპანია გაააქტიურეს, რაც საზოგადოებისა და უკრაინელი სამხედროების დემორალიზაციისკენ არის მიმართული

ანა მალიარი აცხადებს, რომ რუსებმა ბახმუტის გარშემო კამპანია გაააქტიურეს, რაც საზოგადოებისა და უკრაინელი სამხედროების დემორალიზაციისკენ არის მიმართული

რუსებმა ბახმუტის გარშემო საინფორმაციო კამპანია გაააქტიურეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.

“დღეს რუსული საინფორმაციო კამპანიის ზედმეტად გააქტიურება შეიმჩნევა, რაც ბახმუტის შტურმს თან ახლავს. მტერი რამდენიმე ნარატივს უშვებს, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისა და სამხედროების დემორალიზაციაზეა მიმართული”, - წერს მალიარი.

მისი თქმით, რუსების ერთ-ერთი ნარატივი იმის შესახებაა, რომ თითქოს “ბახმუტს სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს და მისი დაცვა, თითქოსდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა”.

მალიარმა აღნიშნა, რომ ეს განცხადება რეალობას არ შეესაბამება.

“სამხედროებმა არაერთხელ ახსნეს ბახმუტის დაცვის მნიშვნელობა და ამოცანები. საბრძოლო ქმედებების წარმოების შესახებ გადაწყვეტილებებს უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა იღებს”, - წერს მალიარი.

მისი თქმით, უკრაინის აღმოსავლეთ მიმართულების სამხედრო ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის მიზნით რუსები ყალბ საბუთებსაც ავრცელებენ, რომლებიც თითქოსდა აღმოსავლეთის შტაბიდან არის.