თენგიზ ფხალაძე - ეს კანონპროექტები არა მხოლოდ აშორებს ქვეყანას ევროკავშირისა და ნატოს-გან, არამედ ანგრევს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა

- ბატონო თენგიზ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ყველა დასავლელმა პარტნიორმა საქართველოს სახელისუფლებო გუნდს მოუწოდა არ მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივმა სხდომამ ამ კანონის განხილვა დაიწყო.

ამ თემის განხილვამ გვანახა, რომ კანონის მიღება არ უკავშირდება სამოქალაქო სექტორის დაფინანსების წყაროებსა და ამ ფინანსების ხარჯვის კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებს.

ხელისუფლების არგუმენტები, რომ ანალოგიური კანონი აშშ-შიცაა მიღებული აშკარად კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოიყურება, რადგან 1938 წელს აშშ-ში მიღებული კანონის მიზანი იყო ქვეყანას დაეცვა თავი ჰიტლერული გერმანიისა და კომუნისტური სსრკ-ს პროპაგანდისგან.

ახლა როცა, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების ზღურბლთან დგას, ხელისუფლებასთან დაახლოებული „ხალხის ძალის“ მიერ ამ კანონის ინიციირება და სახელისუფლებო გუნდის მიერ მისი მხარდაჭერა ევროკავშირისგან დისტანცირებად აღიქმება.

ასეა, მიუხედავად იმისა, საბოლოოდ თუ რა ერქმევა ამ კანონს, მაგრამ, უკვე ვიცით, რომ მმართველი გუნდი არ დაელოდება ვენეციის დასკვნას. თქვენ როგორ შეაფასებდით სახელისუფლებო გუნდის მიერ პარლამენტში ამ კანონის მიღებაზე მსჯელობის დაწყებას?

- შეფასება ცალსახაა: ესაა ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო პროცესი. ამის თაობაზე უაღრესად მკაფიოდ მიანიშნეს ხელისუფლებას როგორც ევროკავშირმა, ასევე ნატომ, გაერომ, ევროპის საბჭომ და პარტნიორმა ქვეყნებმა. რაც მთავარია, ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა დაუფარავად განაცხადა ამ ე.წ. „ინიციატივის“ მიუღებლობის შესახებ.

ამის მიუხედავად ხელისუფლება ტერმინებით მანიპულირებს და საკუთარი მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს. ამ შემთხვევაში აპელირება გამჭვირვალობაზე მხოლოდ სპეკულაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, მათი დაფინანსების წყაროები მაქსიმალურად გამჭვირვალეა.

ხელისუფლება ტერმინებით მანიპულირებს და საკუთარი მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს. ამ შემთხვევაში აპელირება გამჭვირვალობაზე მხოლოდ სპეკულაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, მათი დაფინანსების წყაროები მაქსიმალურად გამჭვირვალეა

ანგარიშგების დოკუმენტები არათუ ყოველწლიურად, ყოველკვარტალურად, ზოგ შემთხვევაში კი ყოველთვიურად, იგზავნება შემოსავლების სამსახურში. ამდენად, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია სრულად აბარებს ანგარიშს სახელმწიფოს როგორც მიღებული და ასევე დახარჯული თეთრის შესახებ. გარდა ამისა, თითქმის ყველა დონორი ითხოვს აუდიტის დასკვნას. ასე რომ არასამთავრობო ორგანიზაცია აუდიტის მიერაც მოწმდება და ეს ანგარიშებიც გამჭვირვალეა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: არსებობს საქართველოს კანონი „გრანტების“ შესახებ. შესაბამისად გრანტის მიღება ხორციელდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მხოლოდ იმ ორგანიზაციებიდან, რომელსაც სახელმწიფო გრანტის გამცემად მიიჩნევს.

ასე რომ სახელმწიფოს სრული კონტროლი აქვს სამოქალაქო სექტორში თანხების წარმოშობაზეც, მიზნობრიობაზეც და მის ხარჯვაზეც. მეტიც, თავად სახელმწიფო იღებს გრანტებს ამ დონორი ორგანიზაციებისგან. ამიტომ გამჭვირვალობის თემა მართლაც ყურით მოთრეულია.

სახელმწიფოს სრულად აქვს ინფორმაცია არასამთავრობო სექტორის საქმიანობასა და დაფინანსების წყაროებზე და საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის შეუძლია როგორც დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა, ასევე ნებისმიერი ორგანიზაციის შემოწმებაც.

სახელმწიფოს სრულად აქვს ინფორმაცია არასამთავრობო სექტორის საქმიანობასა და დაფინანსების წყაროებზე და საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის შეუძლია როგორც დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა, ასევე ნებისმიერი ორგანიზაციის შემოწმებაც

ყოველივე ამას ჩვენი მკითხველისთვის ვამბობ. თორემ თავად კანონპროექტების ინიციატორებმა ეს ყოველივე მშვენივრად იციან. მეტიც, მათი ნაწილი სწორედ არასამთავრობო სექტორიდანაა და მათივე „ლოგიკას“ თუ გავყვებით, აგენტები თავად ამ ინიციატივის ავტორები ყოფილან.

ახლა უფრო მნიშვნელოვან მხარეს, პოლიტიკურ ნაწილს შევხედოთ. ხელისუფლებამ შარშან ევროკავშირისაგან მიიღო რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც გზას უხსნის საქართველოს კანდიდატის სტატუსისკენ.

რეკომენდაციებს შორისაა თავისუფალი მედიის გაძლიერება და არასამთავრობო სექტორის მეტი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ კანონპროექტებით ხელისუფლება სწორედ რომ საპირისპიროს აკეთებს - აძლიერებს ზეწოლას როგორც თავისუფალ მედიაზე, ასევე არასამთავრობო სექტორზე.

საპარლამენტო კომიტეტების გუშინდელი სხდომა მართლაც სამარცხვინო იყო. რამდენიმე პარლამენტარმა ღიად გაილაშქრა ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას, რომ „კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

საპარლამენტო კომიტეტების გუშინდელი სხდომა მართლაც სამარცხვინო იყო. რამდენიმე პარლამენტარმა ღიად გაილაშქრა ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას, რომ „კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“

- თუ დავუშვებთ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის სახელისუფლებო გუნდს ოპონენტების შიში არ უნდა ჰქონდეს, გამოდის, რომ იმაზე უფრო რთულად გვაქვს საქმე, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ასეა, რადგან კანონის მისაღებად ის დროა შერჩეული, როცა საქართველო ევროკავშირში შესასვლელად, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ევროკავშირის მისაღებში დგას.“

სახელისუფლებო გუნდი ისეთი ოპერატიულობით შეუდგა მასზე მუშაობას, შემდეგ მის განხილვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ კანონის მიღების დამკვეთი ბატონი ივანიშვილი არაა. სავარაუდოდ, ვინ შეიძლება იყოს ბატონ ივანიშვილის „ზემდგომი,“ რომლის წინაშეც იგი ანგარიშვალდებული შეიძლება იყოს?

- კვლავაც გავიმეორებ, რომ ეს კანონპროექტები არა მხოლოდ აშორებს ქვეყანას ევროკავშირისა და ნატოსგან არამედ ანგრევს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოს. აქ პრობლემა გაცილებით დიდია, ვიდრე 2024 წლის არჩევნებში რომელიმე პარტიის გამარჯვება ან დამარცხება.

ეს კანონპროექტები არა მხოლოდ აშორებს ქვეყანას ევროკავშირისა და ნატოსგან არამედ ანგრევს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოს. აქ პრობლემა გაცილებით დიდია, ვიდრე 2024 წლის არჩევნებში რომელიმე პარტიის გამარჯვება ან დამარცხება

დღეს მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა იქმნება. საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დააღწიოს თავი რუსულ მრავალსაუკუნოვან კოლონიალიზმს და დაბრუნდეს ისტორიულ ოჯახში - ევროპულ, თავისუფალ, დემოკრატიულ სახელმწიფოთა ოჯახში და ამ დროს, ჩვენივე ხელით, ამ შესაძლებლობას ვისპობთ.

დღეს ერთდროულად ორ სკამზე ვეღარ იჯდები, ვერ იქნები ერთდროულად პროევროპულიც და რუსეთის მაამებელიც. ომი უკრაინაში ომი სწორედ ის წყალგამყოფი აღმოჩნდა, როდესაც პოზიცია არაორაზროვნად, მკაფიოდ უნდა დააფიქსირო და განცხადებას საქმეც მოაყოლო.

დღეს ერთდროულად ორ სკამზე ვეღარ იჯდები, ვერ იქნები ერთდროულად პროევროპულიც და რუსეთის მაამებელიც. ომი უკრაინაში ომი სწორედ ის წყალგამყოფი აღმოჩნდა, როდესაც პოზიცია არაორაზროვნად, მკაფიოდ უნდა დააფიქსირო და განცხადებას საქმეც მოაყოლო

ამიტომაც განსაკუთრებით გააქტიურდა საქართველოში რუსული ქსელები. ის რაც ასე თუ ისე შეფარული იყო, სამზეოზე გამოდის. ამ ვითარებაში ვინმე შეგნებულად აკეთებს რუსულ საქმეს თუ შეუგნებლად, შედეგს არ ცვლის. თუმცა, ვერ წარმოვიდგენ, რომ დღევანდელ ვითარებაში რომელიმე პოლიტიკოსს არ ესმის რას აკეთებს და ვის ინტერესებს ემსახურება.

დღეს იმპერია გავლენის შენარჩუნებისათვის იბრძვის. უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე კრემლი სხვაგან ცდილობს წარმატების მიღწევას, საქართველოც ამ პროცესის ნაწილია. ჩვენ თავს „მშვიდობით“ ვიტყუებთ, რეალურად კი სახელმწიფოს ეროზიის პროცესი მიმდინარეობს და მტერი უბრძოლველად გვიპყრობს.

დღეს იმპერია გავლენის შენარჩუნებისათვის იბრძვის. უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე კრემლი სხვაგან ცდილობს წარმატების მიღწევას, საქართველოც ამ პროცესის ნაწილია. ჩვენ თავს „მშვიდობით“ ვიტყუებთ, რეალურად კი სახელმწიფოს ეროზიის პროცესი მიმდინარეობს და მტერი უბრძოლველად გვიპყრობს

ამ კანონპროექტების „შემოგდებაც“ სწორედ ამ პროცესის ნაწილია. სამწუხაროდ, რუსეთმა ძალიან კარგად იცის როგორ გააკეთოს ქართველების ხელით ანტიქართული საქმე.

- ფაქტია, რომ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე მიმდინარე ომის ფონზე კრემლის სხვა პროპაგანდისტების მსგავსად გააქტიურებულია რუსეთის ექს-პრეზიდენტი მედვედევი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიწყო.

ამ განცხადების გაკეთების მეორე დღესვე საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება მოითხოვა. მის ამ წინადადებას მხარი უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დაუჭირა.

უცნაური ისაა, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა 2008 წლის ომზე აბსოლუტურად შეიცვალეს დამოკიდებულება. მეტიც, თუ მანამდე ისინი ნაწილობრივ მაინც დებდნენ ბრალს საქართველოს ხელისუფლებას, ახლა ყველა აცხადებს, რომ კოლექტიურ დასავლეთს საქართველოსთან მიმართებაში შეეშალა, უფრო სწორად დიდი შეცდომა დაუშვა, რამაც შემდგომ შესაძლებელი გახადა რუსეთის გათავხედება, ჯერ ყირიმის ანექსია, ხოლო შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყება.

თქვენ როგორ აღიქვით 2008 წლის ომზე მედვედევის მორიგი განცხადებების შემდეგ „ევროპული სოციალისტების“ ინიციატივა, უმრავლესობის მიერ ამ ინიციატივის მხარდაჭერა?

- მედვედევი ერთი უბრალო მარიონეტია რუსულ პოლიტიკურ მექანიზმში. მას არც აქამდე ჰქონია საკუთარი აზრი და წონა და არც მომავალში ექნება. მას ააყვირებენ ან გააჩუმებენ მაშინ, როცა ამას სისტემა საჭიროდ მიიჩნევს. მთავარი ისაა, რომ ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი გასაოცარ უნისონშია მოსკოვიდან წამოსულ გზავნილებთან.

რაც შეეხება 2008 წელს ჩვენ მას, ისევე როგორც რუსული ოკუპაციის ყველა წინა ეპიზოდს გულდასმით უნდა ვსწავლობდეთ, ვაანალიზებდეთ მტრის მოქმედებებს, ვთვლიდეთ სამომავლო საფრთხეებს და მათთან გასამკლავებლად ვემზადებოდეთ.

რაც შეეხება 2008 წელს ჩვენ მას, ისევე როგორც რუსული ოკუპაციის ყველა წინა ეპიზოდს გულდასმით უნდა ვსწავლობდეთ, ვაანალიზებდეთ მტრის მოქმედებებს, ვთვლიდეთ სამომავლო საფრთხეებს და მათთან გასამკლავებლად ვემზადებოდეთ

მაგრამ, ჩვენმა „სასიქადულო“ პარლამენტმა ჯერაც ვერ მოიცალა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისათვის, ვერ მოიცალა რეალური საფრთხეების განხილვისათვის, ვერ მოიცალა ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდისათვის, საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უკონტროლო თარეშისათვის, ოკუპირებული ტერიტორიებისათვის და კიდევ ბევრი რამისთვის, რასაც უნდა გაეძლიერებინა ქვეყნის უსაფრთხოება. სამაგიეროდ ქარის წისქვილებთან ბრძოლა კარგად გამოსდის.

- მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ დასავლეთის ლიდერებმა აგრესორი რუსეთის კრიტიკა დაიწყეს, ხშირად მოჰყავდათ საქართველოს მაგალითი, 2008 წელს რუსული აგრესია, რომელზეც დასავლეთს რეაქცია არ ჰქონია, მქონდა მოლოდინი, ამ თემას ჩვენი ხელისუფლება თავად გააქტიურებდა.

მით უმეტეს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჰააგის სასამართლოსთან ჩვენი პროკურატურის აქტიური თანამშრომლობის შედეგად საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

ვითარებაში, როცა ჰააგის სასამართლოს აქვს დადგენილი, რომ „2008 წელს საქართველო აწარმოებდა თავდაცვით ომს“, მეტიც, „საქართველოს ამ ომში სამხედრო უდანაშაულობები არ ჩაუდენია“, გაუგებარია, რატომ ითხოვენ ჩვენი პარლამენტარები 2008 წლის ომის გამოძიებას და რა საკითხებზე უნდა იმუშაოს მათ მიერ შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ.

სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ამ ინიციატივის მიზანი?

- ქართული პოლიტიკის პარადოქსი სწორედ ისაა, რომ ერთი ხელით თითქოს საქმეს ვაკეთებთ, ხოლო მეორე ხელით გაკეთებულს ვანგრევთ. თქვენ ჰააგა ახსენეთ, რაც მართლაც დიდი მიღწევაა და იმის ნაცვლად რომ ეს ხაზი გავაძლიეროთ და დღევანდელი საერთაშორისო კონსოლიდაციის გამოყენებით მოვითხოვოთ რუსეთის პასუხისმგებლობა ყველა იმ დანაშაულისათვის რაც მან საქართველოში, და არა მხოლოდ 2008 წელს ჩაიდინა, აქცენტები სხვა მიმართულებით გადაგვაქვს.

თქვენ ჰააგა ახსენეთ, რაც მართლაც დიდი მიღწევაა და იმის ნაცვლად რომ ეს ხაზი გავაძლიეროთ და დღევანდელი საერთაშორისო კონსოლიდაციის გამოყენებით მოვითხოვოთ რუსეთის პასუხისმგებლობა ყველა იმ დანაშაულისათვის რაც მან საქართველოში, და არა მხოლოდ 2008 წელს ჩაიდინა, აქცენტები სხვა მიმართულებით გადაგვაქვს

ასე ხდება სხვადასხვა თემების „გამოღვიძება“ რათა მეტი დაბნეულობა, მეტი დაპირისპირება გაჩნდეს საზოგადოებაში. მეტად წავეკიდოთ ერთმანეთს და მოწინააღმდეგეს საქმე გავუადვილოთ.

კვლავაც ვიმეორებ: უნდა ვსწავლობდეთ რუსეთთან ურთიერთობის ყველა ეპიზოდს და სათანადო დასკვნები გამოგვქონდეს. მაგრამ, ეს თემები, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომი, მხოლოდ პოლიტიკურ ლოზუნგებად და ოპონენტთან ანგარიშსწორებისათვის გამოიყენება და რამის რეალურად შესასწავლად და ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

- ამჯერად თქვენთან დაკავშირებამდე შარშან „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ თქვენს ინტერვიუებს გადავხედე.

განსაკუთრებით საინტერესოდ მეჩვენა ეს მოსაზრება - „მთავარია, მზად ვიყოთ რუსეთში გარდაუვალი ცვლილებებისთვის და გამოვიყენოთ არსებული მოცემულობა ბოროტების იმპერიისგან საბოლოოდ თავის დასაღწევად“.

მიუხედავად იმისა, რომ ძნელია იმის პროგნოზირება საბოლოოდ თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, უკვე ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირი და ნატო უფრო გაძლიერდა, რუსეთი კარგა ხანს ვერ იქნება ისეთი, როგორც, თუნდაც, 2022 წლის 24 თებერვლამდე, ანუ ომის დაწყებამდე იყო.

ვითარებაში, როცა მოდის დრო, როცა შეიძლება საქართველომ რუსეთს ანგარიში წარუდგინოს 90-წლებიდან მოყოლებული საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო ცხინვალის რეგიონში, შემდეგ აფხაზეთში და 2008 წელს ისევ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, ვხედავთ მოსკოვის მიმართ ჩვენი ხელისუფლების უცნაურ მოძრაობებს.

ვითარებაში, როცა, კოლექტიური დასავლეთი რუსეთის მიმართ თანმიმდევრულად ატარებს ამ ქვეყნის შეკავების პოლიტიკას, თქვენ როგორ შეაფასებდით ჩვენი ხელისუფლების მიერ წარმოებულ პოლიტიკას რუსეთის მიმართ და მის სავარაუდო შედეგებს?

- ამ მოსაზრებას დღესაც დავადასტურებ - რუსეთში ცვლილებები გარდაუვალია და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება უკრაინას, ის აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ომში და ეს მხოლოდ დროის საკითხია. მაგრამ, რუსეთის გარდაუვალი მარცხი უკრაინაში არ ნიშნავს რომ რუსეთი ავტომატურად საქართველოშიც მარცხდება.

რუსეთის გარდაუვალი მარცხი უკრაინაში არ ნიშნავს რომ რუსეთი ავტომატურად საქართველოშიც მარცხდება

როგორც უკვე აღვნიშნე, რუსული იმპერია უკრაინაში წარუმატებლობის კომპენსაციას სხვა ქვეყნებში პოზიციების გაძლიერებით ცდილობს. შეხედეთ რუსეთის აქტივობებს თუნდაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ცხადზე ცხადია, რომ კრემლი მათ სამოკავშირეო ხელშეკრულებაში „შეთრევის“ სქემას ამზადებს და ამ დროს ჩვენ თავს ვიწონებთ „რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკით“. მართლაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

იმპერია უკრაინაში წარუმატებლობის კომპენსაციას სხვა ქვეყნებში პოზიციების გაძლიერებით ცდილობს. შეხედეთ რუსეთის აქტივობებს თუნდაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე... კრემლი მათ სამოკავშირეო ხელშეკრულებაში „შეთრევის“ სქემას ამზადებს და ამ დროს ჩვენ თავს ვიწონებთ „რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკით“

ამის პარალელურად ყოველდღიურად ვზრდით განხეთქილებას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. მათთან, ვინც დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან ყოველმხრივ ეხმარება საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენებაში. მათთან დაპირისპირებით საკუთარ დაცულობის ხარისხს ვამცირებთ და კიდევ უფრო ადვილი ლუკმა ვხდებით რუსეთისათვის.

დღეს, როდესაც ასე რეალური შეიძლება იყოს ევროკავშირის კანდიდატობა და რამდენიმე თვეში ვილნიუსის ნატოს სამიტი უნდა გაიმართოს, ჩვენ პარტნიორებთან კოორდინაციის ნაცვლად მათთან კონფრონტაციაში შევდივართ.

დღეს, როდესაც ასე რეალური შეიძლება იყოს ევროკავშირის კანდიდატობა და რამდენიმე თვეში ვილნიუსის ნატოს სამიტი უნდა გაიმართოს, ჩვენ პარტნიორებთან კოორდინაციის ნაცვლად მათთან კონფრონტაციაში შევდივართ

ისეთ აბსურდამდეც კი მივედით, რომ სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაშიაც კი დავადანაშაულეთ. წარმომიდგენია რა სიამოვნებით ადევნებს თვალს ამ პროცესს მოსკოვიდან.

ამიტომაც თქვენც და ჩვენს მკითხველსაც ასე ხშირად გვესმის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და კრემლის პროპაგანდისტების აღფრთოვანებული გამოძახილები ჩვენს რუსეთისადმი „გონივრულ“ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

- გვერდს ვერ აუვლით 12 ევროპული რეკომენდაციების შესრულების თემას. შარშან „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი - „დღეს თამაშის დრო არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას“.

ვიცით, რომ ამ თვალსაზრისით არსებობს სერიოზული პრობლემები. თუმცა, ერთ-ერთი რეკომენდაციის, კერძოდ სახალხო დამცველის არჩევისა და შესრულების შესაძლებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარტია „მოქალაქეებმა“ ომბუდსმენის პოსტის დასაკავებლად ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანის კანდიდატურა დაასახელეს.

იოსელიანის კანდიდატურა მას შემდეგ გაჩნდა, რაც სახელისუფლებო გუნდმა უარი თქვა მხარი დაეჭირა სამოქალაქო სექტორის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატებისთვის.

ვითარება იმანაც დაამძიმა, რომ ოპოზიციის არა ერთმა წარმომადგენელმა უკვე თქვა, რომ მხარს არ დაუჭერს იოსელიანის კანდიდატურას. თუმცა, ვნახეთ, რომ ოპოზიციის ნაწილი მზადაა მას მოუსმინოს და მხარიც დაუჭიროს.

სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ომბუდსმენის არჩევასთან დაკავშირებით?

- გუშინდელის შემდეგ რთულია საუბარი ევროინტეგრაციაზე. ხელისუფლება არათუ რეკომენდაციებს ასრულებს, სრულად უგულებელყოფს ევროკავშირის მოწოდებებს. პარტნიორები საჯაროდ გვაფრთხილებენ, რომ ე.წ. „აგენტების შესახებ კანონი“ დააზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს, ხოლო მმართველი პარტიის წარმომადგენლები უტიფრად გვიმტკიცებენ, რომ კანონის მიღება ევროკავშირის კანდიდატობასთან კავშირი არა აქვს.

გუშინდელის შემდეგ რთულია საუბარი ევროინტეგრაციაზე. ხელისუფლება არათუ რეკომენდაციებს ასრულებს, სრულად უგულებელყოფს ევროკავშირის მოწოდებებს

ერთი ხელის მოსმით ხელისუფლებამ გააღრმავა პოლარიზაციაც და გააძლიერა ზეწოლა როგორც თავისუფალ მედიაზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოებაზე. ამ ფონზე სახალხო დამცველის თემაც განსხვავებულ პრიზმაში გადავიდა.

რაც შეეხება ლევან იოსელიანს, მას ძალიან მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მოუწევს ბევრ მწვავე საკითხზე, რის მიმართაც უაღრესად მგრძნობიარეა როგორც მმართველი პარტია ასევე ოპოზიცია.

ზოგადად კი მთელი ეს პროცესი ყოველდღიურად გვაშორებს ევროკავშირსაც და ცივილიზებულ სამყაროსაც. თუკი პარლამენტმა ეს გზა გააგრძელა, შეუძლია საერთოდ გააქროს ევროინტეგრაციის კომიტეტი ან სახელი გადაარქვას და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტი უწოდოს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ