„საქპატენტი“ - გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის მასპინძელი საქართველო იქნება

გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გადაწყვეტილებით, საქართველოში გაიმართება.

„საქპატენტის“ ინფორმაციით, 14 და 15 ივნისს თბილისი უმასპინძლებს ფორუმს, რომელსაც დაესწრებიან საერთაშორისო და რეგიონული გაერთიანებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო უწყებების, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული უწყებების, გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქციის მწარმოებელთა გაერთიანებების წარმომადგენლები და გეოგრაფიული აღნიშვნების სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან. ღონისძიებას, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, WIPO-სთან ერთად ორგანიზებას უწევს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი.

„გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმი არის გლობალური ფორუმი და პლატფორმა გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სისტემების, გამოწვევების, პერსპექტივების, დანერგილი სიახლეების განხილვისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. სიმპოზიუმის ფარგლებში განიხილება გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემასთან დაკავშირებული საკითხები, როგორებიც არის: გეოგრაფიული აღნიშვნების გავლენა ეკონომიკასა და მოსახლეობის სოციალურ კეთილდღეობაზე, ქვეყნების სტრატეგიულ ბრენდინგში გეოგრაფიული აღნიშვნების როლი და სხვა. ღონისძიებაზე თავს მოიყრის 250-მდე სტუმარი იტალიიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან, ჩინეთიდან, მექსიკიდან, ინდოეთიდან, ავსტრალიიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან. ფორუმს დაესწრებიან WIPO-ს წარმოშობისა და ხარისხის ეროვნული ინსტიტუტის (FAO), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) წარმომადგენლები, ასევე, ევროკომისიის წევრები. სიმპოზიუმის პროგრამით გათვალისწინებულია პანელური დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა გამოწვევები და შესაძლებლობები გეოგრაფიული აღნიშვნების ბრენდინგისა და მარკეტინგის სტრატეგიებში, ასევე, მონაწილეები მიმოიხილავენ სხვადასხვა ქვეყანაში დანერგილ სიახლეებს გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში. იმსჯელებენ გეოგრაფიული აღნიშვნების პოპულარიზაციის ეფექტიანობაზე ტურიზმის სექტორის განვითარებაში.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება გამოფენა-დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება საქპატენტის მიერ რეგისტრირებული 64 ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელთა შორისაა - გუდა, ტყემალი, საირმე, ჩურჩხელა, ტვიში, ჭაჭა, ნინოწმინდის თაფლი, ქუთაისის მწვანილი და სხვა განსაკუთრებული ქართული პროდუქტები, ასევე, ქვევრი. გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რაც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან, რომლის დამახასიათებელი გარემო პირობები და ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციული ცოდნა განაპირობებს თითოეული ასეთი პროდუქტის მაღალ ხარისხსა და გამორჩეულ თვისებებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა