გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებული კომიტეტების მოსმენის დროს გამოიკვეთა. ნათლად ვხედავთ, რომ რუსული კანონის მიღების პროცესი კვლავ გრძელდება, - ამის შესახებ განცხადებას „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ ავრცელებს.
მათივე განცხადებით, შემაშფოთებელია ამ კანონის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში.
„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრში“ მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი სტიგმატიზებას მოახდენს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებსა და საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ცდილობს უკეთესი ქვეყნის შენებას თანამოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის.
„საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ, ძალიან მკაფიოა - „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად!“.
აღნიშნული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ აღნიშნულ მიზანს. იგი პირდაპირ ეწინააღმდეგება 12 -პუნქტიანი სამოქმედო გეგმიდან ორ პუნქტს (მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის ნაწილში) და ხელს უშლის დეპოლარიზაციის პროცესს.
უმნიშვნელოვანესია, საქართველოს პარლამენტის წევრებმა გაიაზრონ აღნიშნული საფრთხეები, ჩვენი კონსტიტუციის მიმართ მათი ვალდებულებები, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.