არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი შსს-ს მოუწოდებს „აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა“ შეწყვიტოს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კი მიმართავს, დაკავების ფაქტები დროულად შეისწავლოს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს „აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა“ შეწყვიტოს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კი მიმართავს, დროულად შეისწავლოს დაკავების ფაქტები.

ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავების და დაკავების შემდგომი პრაქტიკა არის მიუღებელი და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები შსს-ს მოუწოდებენ, ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა, ხოლო დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია.

„2023 წლის 2 მარტს, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიან აქციას პოლიციის მხრიდან 36 პირის, მათ შორის, ჟურნალისტების ადმინისტრაციული წესით დაკავება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძვლით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ წარსულშიც არაერთხელ მომხდარა ამ მუხლების გამოყენებით მშვიდობიანი აქტივისტების დაკავება და მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. წუხელ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებული კანონმდებლობა, პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტრუმენტია, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისათვის გამოიყენება.

დაკავებულთა ნაწილის უფლებებს ხელმომწერი ორგანიზაციების ადვოკატები იცავენ, თუმცა, ამ პროცესში მნიშვნელოვანი დაბრკოლებები გამოიკვეთა. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის მინიმუმ 15 პირი იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორებში (მონაცემები ზუსტდება). ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულთა ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მანქანებში ჰყავდათ და იზოლატორებში მათი შეყვანა მხოლოდ დილიდან დაიწყო. გართულებულია ადვოკატებისათვის და ოჯახის წევრებისათვის დაკავებულთა ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენის საკითხიც, რაც აფერხებს ადვოკატთან შეხვედრის, და შესაბამისად, უფლებების დაცვის შესაძლებლობებს. ზოგიერთი დაკავებული საუბრობს ფიზიკურ დაზიანებებზე, რომლებიც დაკავებისას მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, რა გახდა დაკავებულთა გარკვეული ნაწილის ამ დრომდე იზოლატორებში დაყოვნების საფუძველი და რატომ არ გათავისუფლდნენ ისინი სხვა პირების მსგავსად ღამით, ხელწერილის საფუძველზე.

მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავების და დაკავების შემდგომი პრაქტიკა არის მიუღებელი და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა; დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები; დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებლად არ გახანგრძლივდეს.

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: დროულად შეისწავლოს მედია წარმომადგენლების და დემონსტრანტების დაკავების/სავარაუდო დაზიანების ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

დაკავებულთა უფლებების დაცვას მომავალშიც გავაგრძელებთ. #არარუსულკანონს!“,- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია); „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“; „უფლებები საქართველო“; „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED); „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ WISG; „ქალთა ფონდი საქართველოში“; „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „ღია საზოგადოების ფონდი“; „მწვანე ალტერნატივა“; „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“. (GRASS)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა