სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, თუ პარლამენტთან აქციაზე მედიის მიმართ კანონდარღვევის ფაქტების შესახებ უწყებაში შეტყობინება შევა, ისინი ინფორმაციას შეისწავლიან და რეაგირებას მოახდენენ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, თუ პარლამენტთან აქციაზე მედიის მიმართ კანონდარღვევის ფაქტების შესახებ უწყებაში შეტყობინება შევა, ისინი ინფორმაციას შეისწავლიან და რეაგირებას მოახდენენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანი წიკლაურმა განუცხადა, მათი გამომძიებელი გუშინ, აქციაზე დაკავებულ ერთ-ერთ ჟურნალისტს შეხვედრის და გასაუბრების მიზნით დაუკავშირდა, რაზეც ჟურნალისტმა უარი განუცხადა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან შეტყობინების სახით მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენს ცხელ ხაზზე შემოდის, უსწრაფეს რეაგირებას ახდენს და შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. კონკრეტულად, ჟურნალისტებს და მათ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტს რაც შეეხება, გუშინ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი მყისიერად დაუკავშირდა ზურა ვარდიაშვილს [„პუბლიკას“ რედაქტორი], გამომძიებელს მასთან გასაუბრების მიზნით შეხვედრის ჩანიშვნა სურდა, რაზეც ვარდიაშვილმა უარი განაცხადა. როდესაც ის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს, შეხმიანება მაშინ მოხდა. კითხვაზე, მის მიმართ ადგილი ჰქონდა თუ არა ძალადობას, ფიზიკურ, ან სიტყვიერ შეურაცხყოფას, სატელეფონო საუბრისას მან ეს ფაქტები უარყო და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უარი განუცხადა გასაუბრებაზე“, - განაცხადა წიკლაურმა.

კითხვაზე, მოხდა თუ არა დანარჩენ ჟურნალისტებთანაც დაკავშირება, წიკლაური ასე პასუხობს:

„ყველა შემოსულ შეტყობინებაზე საკითხის შესწავლა, სწრაფი რეაგირება მოხდება და შესაბამის ღონისძიებებს განვახორციელებთ. დანარჩენ დეტალებზე ჯერჯერობით დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ გეუბნებით, შეტყობინებებზე და შემოსულ ინფორმაციაზე რეაგირებას ვახდენთ“, - განაცხადა წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განხილვა დაიწყო. პარლამენტის შენობაში და მის გარეთ, ხმაურისა და პროტესტის ფონზე კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებულ ორივე საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

აქციის მიმდინარეობის პროცესში 36 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს. მათგან 29 მათგანი ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, 7 გათავისუფლებულია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს