საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელზეც სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელა სპეციალური პროგრამით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელის კონცერტს, რომელიც ივანე ჯავახიშვილის დიდ დარბაზში გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური და სამეცნიერო წრეები, სტუდენტები, ვაჟთა კაპელის ოჯახის წევრები, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და მოწვეული სტუმრები.
დედის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ ვაჟთა სახალხო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელს, დირიჟორსა და კომპოზიტორს, ციცინო ფალავანდიშვილს უნივერსიტეტის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი ღვაწლისთვის სტუ-ის უმაღლესი ჯილდო - ოქროს მედალი გადასცა.
„უპირველეს ყოვლისა, დედის დღეს გილოცავთ უნივერსიტეტის პედაგოგ და მეცნიერ ქალბატონებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა ჩვენთვის საყვარელ და პატივსაცემ კოლეგას, გისურვებთ დღეგრძელობასა და მრავალ წარმატებას. სასიხარულოა, რომ გრძელდება 60-წლიანი ტრადიცია ჩვენი სახელოვანი კაპელისა, რომელიც ეროვნული და საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების არაერთგზის ლაურეატია. კონცერტი სრული ანშლაგით მიმდინარეობს და ვფიქრობთ, ეს არაჩვეულებრივი საჩუქარია საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის. მინდა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება გაგაცნოთ და უნივერსიტეტის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი უდიდესი ღვაწლისთვის სტუ-ის უმაღლესი ჯილდო, ოქროს მედალი გადავცეთ იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელს, დირიჟორსა და კომპოზიტორს, ქალბატონ ციცინო ფალავანდიშვილს, რომელიც 1989 წლიდან მოყოლებული, უკვე 34 წელია საუნივერსიტეტო კაპელას ხელმძღვანელობს, არის ჩვენს კურსდამთავრებულთა მრავალი თაობის, მრავალი ცნობილი მომღერლის პედაგოგი და აღმზრდელი. დღეს სიხარულით გადავცემთ ქალბატონ ციცინოს ამ საპატიო ჯილდოს და ვუსურვებთ, ვაჟთა კაპელასთან ერთად, შორს გაეტანოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელი“, - განაცხადა რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.
სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელმა და დირიჟორმა ციცინო ფალავანდიშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ საბჭოსა და ადმინისტრაციას ღვაწლის დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდით ყველას ამდენი სითბოსა და სიყვარულისთვის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩემი მეორე ოჯახია, რომელთან ერთადაც 34 წელია მოვდივარ. მთელი ამ ხნის მანძილზე მასთან უდიდესი სიყვარული, ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ემოციები და სამომავლო შემოქმედებითი გეგმები მაკავშირებს. თუ რაიმე მილამაზებს ცხოვრებას, ეს ის თაობებია, რომლებმაც ჩემს ხელში გაიარეს, ჩვენი უნივერსიტეტის ის სტუდენტები არიან, რომლებთან ერთადაც ამჟამად ვმუშაობ. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს უნივერისტეტს, რექტორს, ბატონ დავით გურგენიძეს, ადმინისტრაციას, პროფესორ-მასწავლებლებს, ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს იმ ჯილდოსთვის, რომელიც გადმომეცა, ამ დღისთვის, რომელიც სამუდამოდ ჩემს გულში დარჩება“, - აღნიშნა ციცინო ფალავანდიშვილმა.
სტუ-ის ინფორმაციით, დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის კულმინაცია ფინალური კომპოზიცია იყო, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა - ვაჟთა სახალხო კაპელის სხვადასხვა თაობის ვეტერანმა მომღერლებმა და სტუ-ის კაპელის ახალმა თაობამ ერთად შეასრულეს.