პარლამენტი “პენიტენციური კოდექსის“ განხილვას იწყებს

პარლამენტი “პენიტენციური კოდექსის“ განხილვას იწყებს, რომლის ამოქმედების შემდეგ “პატიმრობის კოდექსი“ და “სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონი ძალას დაკარგავს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტს, რომელიც პარლამენტს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში წარედგინა, 6 მარტს ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს.

“პენიტენციური კოდექსის“ პროექტით მთელ რიგ სიახლეებთან ერთად, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიები უმჯობესდება.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასა და კონტროლზე ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება იგეგმება.

პროექტის მიხედვით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნებიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს სპეციალურ ოთახში შეხვდნენ, სადაც ვიზუალური ან ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი არ ხორციელდება. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ სპეციალური ოთახი პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად ისე უნდა მოეწყოს, რომ უზრუნველყოფილ იყოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის უსაფრთხოება.

კანონის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო დონეზე გარანტირებული იქნება, რომ საერთო სარგებლობის საშხაპეებსა და საერთო სარგებლობის საპირფარეშოებში დაუშვებელი იყოს ვიზუალური ან ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება (დღეს ეს აკრძალვა მხოლოდ კანონქვემდებარე აქტით არის განსაზღვრული).

“პენიტენციური კოდექსის“ პროექტით, საერთო სარგებლობის საპირფარეშოებში ვიზუალური ან ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება დასაშვები იქნება მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის თვითმკვლელობისა და თვითდაზიანების თავიდან ასაცილებლად, თუმცა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მისი მტკიცებულებად გამოყენების უზრუნველსაყოფად, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელებისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მასალა განსაზღვრული ვადით დაარქივდება.

ამავე პროექტით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, ბრალდებულებისთვის საცხოვრებელი ფართის გაზრდა იგეგმება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გაიზრდება ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა, ის მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ფართს გაუთანაბრდება და არანაკლებ 4 კვ. მეტრი გახდება.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რადიომიმღებისა და ტელევიზორის შეძენას დირექტორის სპეციალური თანხმობა აღარ დასჭირდება. “პენიტენციური კოდექსის“ პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოყენებით დაწესებულების დებულება და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე დაირღვევა, დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილი იქნება, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ტექნიკა ჩამოართვას და მის ახლო ნათესავს გადასცეს.

საკანონმდებლო პაკეტში საუბარია განათლების უფლებაზეც. კანონპროექტის მიხედვით, ყველა მსჯავრდებულს მიენიჭება აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლება, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა (ამჟამად ამ უფლებით მხოლოდ გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული და ის დაბალი რისკის მსჯავრდებული სარგებლობს, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში).

მსჯავრდებული აკადემიურ უმაღლეს განათლებას მიიღებს: - ციფრული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს აკადემიური უმაღლესი განათლების მიღებას პირდაპირი ტელეხიდის გზით, სპეციალური ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით ან კორესპონდენციული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს აკადემიური უმაღლესი განათლების მიღებას საკონტაქტო პირის დახმარებით მსჯავრდებულისთვის სასწავლო მასალის მიწოდებით, წერილობითი ფორმების გამოყენებით.

შესაძლებელი იქნება ბრალდებულის ჩართვა ბრალდებულთა მხარდამჭერ პროგრამებში, მისივე თანხმობით, ბრალდებულის სტატუსისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის გათვალისწინებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა