„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე მასწავლებლებს, პროფესორებს, სტუდენტებს, მშობლებს მიმართავს, „აიმაღლონ ხმა და დაგმონ საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნება“.
აღნიშნულით ნანა ტოხვაძე ეხმიანება პარლამენტში „ხალის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“.
„რადგან განათლება პირველ რიგში ის ღირებულებები და ფასეულობებია, რომლებსაც ვემსახურებით, მინდა მივმართო საგანმანათლებლო სფეროში ჩართულ ადამიანებს - მასწავლებლებს, პროფესორებს, სტუდენტებს, მშობლებს, ყველას, ვისაც უსარგებლია იმ სიკეთეებით, რაც საერთაშორისო დონორებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მოაქვთ ჩვენს პროფესიულ ცხოვრებასა და განვითარებაში. აიმაღლონ ხმა და დაგმონ საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნება.
დაგმონ კანონპროექტი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს ევროპულ პერსპექტივას და შესაძლოა მიგვიყვანოს თავისუფლების დაკარგვამდე. ხმა აიმაღლონ და უთხრან არა ცოდნის, მომავლის, თავისუფლებისა და განვითარების ტოტალურ კონტროლს დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში! გარდა იმისა, რომ კანონპროექტები ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიერ ქვეყნის პროგრესისთვის ათწლეულების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას, ამ ხალხს აცხადებენ აგენტებად და ეს არის რუსული პოლიტიკა! თქვენ ყველაზე კარგად იცით, რომ თუ რამ გაკეთებულა საქართველოს სოფლებსა თუ რეგიონებში არაფორმალური თუ ფორმალური განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად, სწორედ პარტნიორი ქვეყნების ფინანსური დახმარებით.
რომ არა საერთაშორისო პარტნიორები, როგორებიცაა: USAID, World Vision, Millenium ჩვენ არ გვექნებოდა: რეაბილიტირებული და თანამედროვე ბაღები და სკოლები; მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების პროგრამები - 24 000 მასწავლებლისა და 1700 დირექტორის განმავითარებელი ტრენინგ კურსები; სასწავლო ვიზიტები ევროპაში; კომპიუტერული ტექნიკა და სასწავლო რესურსები სკოლებში
აღდგენილი მუზეუმები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები; ბიბლიოთეკები და სადისკუსიო სივრცეები ახალგაზრდებისთვის; სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები დასავლურ უნივერსიტეტებში; სამკითხველო და საკონფერენციო სივრცეები რეგიონებში; ადრეული და ინკლუზიური განათლების პროგრამები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის; დღის ცენტრები; არაფორმალური განათლების კლუბები; ჰუმანიტარული და გადაუდებელი პროგრამები (World Vision Georgia-ს პროგრამები გავრცელდა 1 046 500 ბავშვსა და ახალგაზრდაზე); USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომელმაც 1500-ზე მეტ სკოლას, 200 000 ზე მეტ მოსწავლეს და ათასობით მასწავლებელს მოუტანა სარგებელი;კოვიდ პანდემიისას ინტერნეტზე წვდომა ათიათასობით შეჭირვებული მოსწავლისთვის; 140 მილიონი დოლარის გრანტი, რომლითაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერამ მოიცვა მთელი საქართველო. სკოლების ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მოვლა-პატრონობის ჩათვლით; პროფესიული თუ უმაღლესი განათლების ახალი პროგრამების დანერგვა-განვითარება თუ ამ ინდუსტრიის მხარდაჭერა“, - განაცხადა ტოხვაძემ.
მისივე თქმით, თითოეული დონორი ორგანიზაციის ჩართულობა მიზნად ისახავს ღარიბი და დაუცველი ადამიანების, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერასა და მათი შესაძლებლობების განვითარებას უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. ადგილობრივ დონეზე საგანმანათლებლო პირობებისა და ხარისხის გაუმჯობესებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
„ამ პირობებში, „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი საფრთხეა ევროინტეგრაციის პროცესისთვის. კიდევ უფრო დიდი საფრთხეა ის საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც მხარს უჭერს ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ კანონს და ამ ნაბიჯით გვაკარგვინებს ევროპული სტანდარტით ცხოვრებისა და განვითარების პერსპექტივას. სწორედ ეს არის რუსული პოლიტიკა, რომელსაც ერთხმად უნდა გავემიჯნოთ!“ - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.