გია ვოლსკი - რუსეთი ოკუპანტია და გამორიცხულია, საქართველო დაემსგავსოს იმ შემთხვევაში, თუ ხალხისთვის მთავარი ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება იქნება - საქართველო ვერ იტყვის უარს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაზე

რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და გამორიცხულია, რომ საქართველო რუსეთს რაიმე საქმიანობაში დაემსგავსოს იმ შემთხვევაში, თუ ხალხისთვის მთავარი ამ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველო ვერ იტყვის უარს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გადადგმულ ნაბიჯებსა და მათ გაგრძელებაზე და „ეს არა კეკლუცობა, არამედ აუცილებლობაა“.

„მაშ, რატომ აქვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს განცდა, რომ კანონპროექტმა, შინაარსის მიუხედავად (თუნდაც ამერიკული შინაარსი ჰქონდეს), შეიძლება ისეთი სახე მიიღოს, როგორც რუსეთში?! ერთი საკითხია, რომ განცდა ნაწილობრივ გამოხატულია განცხადებებში, შეშფოთება და დაზღვევის მცდელობაა, რომ ასეთი კანონი არ იქნეს მიღებული, მაგრამ ჩვენ და საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვალდებულები ვართ, ამას პასუხი გავცეთ რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ნედ პრაისმა თქვა, რომ შეშფოთებულია, რომ ამან [კანონპროექტმა] შეიძლება ისეთი განვითარება მიიღოს, როგორც რუსეთში. აქედან მე ვეუბნები, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და გამორიცხულია, რომ საქართველო რუსეთს რაიმე საქმიანობაში დაემსგავსოს იმ შემთხვევაში, თუ ხალხისთვის მთავარი ამ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება იქნება, რაც ასევე უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში. საზოგადოება გადაწყვეტს, ვინ უფრო გულწრფელია და საქართველოში ვინ ემსახურება დასავლურ ინტერესებს რეალურად და არა წამოყვირებებით და ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით.

საქართველო ვერანაირად ვერ იტყვის უარს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გადადგმულ ნაბიჯებსა და მათ გაგრძელებაზე, ვინაიდან ეს ქართველი ხალხის ინტერესებში შედის. ეს კეკლუცობა და რაღაც საჩვენებელი მიზანი არაა. ეს არის აუცილებლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სწორ განვითარებას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ესაა ქართველი ხალხის მოთხოვნა და თუ ვინმე ამ მოთხოვნას დაუპირისპირდება, მას საზოგადოება ხელისუფლებაში აღარ აირჩევს, ეს არის პრიმიტიული ფორმულა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო