სალომე სამადაშვილი - ე.წ. აგენტების კანონის მიღების შედეგად, საქართველო მყარად გადაინაცვლებს ისეთი ქვეყნების რიგებში, როგორიც არის პუტინის რუსეთი და ლუკაშენკოს ბელარუსი - პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე პროცესს არ შევაჩერებთ

"ლელოს" დეპუტატის სალომე სამადაშვილის შეფასებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას საფრთხეს უქმნის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე პარლამენტში საკითხის განხილვა არ შეწყდება.

"მსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო, თუ რას ნიშნავს ამ კანონის მიღება საქართველოსთვის - ამ კანონის მიღებით დასრულდება საქართველოსთვის ყველანაირი შანსი, რომ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, როდესაც ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. ამ კანონის შედეგად, ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე გამოცხადდება მმართველი რეჟიმის მიერ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად და დაიწყება მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა. ამ კანონის მიღების შედეგად, ჩვენი ქვეყანა მყარად გადაინაცვლებს ისეთი ქვეყნების რიგებში, როგორიც არის დღეს პუტინის რუსეთი და ლუკაშენკოს ბელარუსი. ამიტომ, ცხადია, არც ქართული ოპოზიცია და არც ქართველი ხალხი არ აპირებს, რომ მშვიდად გააგრძელოს შეგუება იმასთან, თუ როგორ ასრულებს დღეს ბიძინა ივანიშვილის დავალებას მისი მონა-მორჩილი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში და ართმევს ქართველების არაერთ თაობას უფლებას, იცხოვროს თავისუფალ და წარმატებულ, ევროპულ სახელმწიფოში. პროტესტი გაგრძელდება ხვალაც, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ამ პროცესს არ შევაჩერებთ. საბოლოოდ, ეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ "ქართულ ოცნებას", ამ რუსულ საოკუპაციო ძალას მოუწევს პოლიტიკური ძალაუფლების დათმობა ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპული მომავლის თაობაზე არის ნათელი, თუ ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ მის პოლიტიკურ პროექტსა და ევროპულ მომავალს შორის, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ჩვენი ეროვნული, ევროპული არჩევანის სასარგებლოდ", - განაცხადა სამადაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან