საქართველოს პატლამენტთან დღეს აქციაა დაგეგმილი. აქციას სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამართავენ და ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტს გააპროტესტებენ, რომლის განხილვაც პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში დილით არის ჩანიშნული.
აქცია 09:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს 09:30 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ორივე საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვანი კომიტეტია.
როგორც ცნობილია, 2 მარტს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები სავალდებულო წესით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა.
ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.