ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველოს დამფუძნებლები და წევრები - გთხოვთ, საკანონმდებლო ორგანოდან გაიწვიოთ ის კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მომავალს

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველოს (European Youth Parliament (EYP) - Georgia) დამფუძნებლები, ეროვნული კომიტეტი, ყოფილი და მოქმედი წევრები საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებას ეხმიანებიან.

„ჩვენთვის, როგორც ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. მიგვაჩნია, რომ ინიცირებული კანონპროექტი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ჩვენს მრავალწლიან მცდელობას, ქართველი ახალგაზრდები, სკოლის ასაკიდანვე ერკვეოდნენ ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებში, ჩამოიყალიბონ თანამშრომლობა ევროპელ თანატოლებთან და საქართველო ბუნებრივი დანიშნულების ადგილად აქციონ ქსელის საერთაშორისო ღონისძიებებისთვის.

ევროპული ღირებულებები გამოცდილებების გაზიარებასაც გულისხმობს. სამწუხაროდ, ჩვენი ქსელისთვის სიახლე არ არის პარლამენტში ინიცირებული რუსული კანონი. სწორედ, მსგავსი კანონმდებლობის მიღებამ შეზღუდა EYP-ის საქმიანობა რუსეთის ფედერაციაში და ახალგაზრდების ჩართვა EYP-ის ღონისძიებებში სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა ბელარუსში. ჩვენი კოლეგები აღნიშნული ქვეყნებიდან იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო გაზრდილი საფრთხეების გამო.

გთხოვთ, საკანონმდებლო ორგანოდან გაიწვიოთ ის კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მომავალს. ნუ დაუშვებთ, რომ საქართველო შემდეგი იყოს ისეთი ქვეყნების სიაში, სადაც უკანონოდ აცხადებენ ახალგაზრდების ევროპულ მისწრაფებებს.

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ქსელი 40 ევროპული ქვეყნის ახალგაზრდებს აერთიანებს არაფორმალური განათლების პლატფორმის გარშემო. მისი მიზანია დემოკრატიული, მშვიდობიანი, მდგრადი და ღია საზოგადოების ფორმირება, რომლის განვითარებაშიც ახალგაზრდების ჩართულობა განმსაზღვრელია. EYP საქართველო, კავკასიის რეგიონში, ქსელის პირველი წარმომადგენელია და 2007 წლიდან უქმნის საქართველოს ახალგაზრდებს პლატფორმას დისკუსიისთვის, დებატებისთვის ევროკავშირში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე.

აღიარებიდან დღემდე, ქართველი ახალგაზრდებისთვის, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ოჯახის წევრობა მათი ევროპული მისწრაფებების გამოძახილი და სხვა ევროპელ ახალგაზრდებთან თანასწორ პირობებში ინტეგრაციის უნიკალური შესაძლებლობაა. EYP საქართველომ ორჯერ, 2013 და 2017 წლებში, თბილისში უმასპინძლა ქსელის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას - საერთაშორისო სესიას, რომელმაც დედაქალაქში თავი მოუყარა 40-მდე ქვეყნის 600-ზე მეტ ახალგაზრდას. ჩვენ ვამაყობთ, რომ დაარსებიდან დღემდე, EYP საქართველოს სესიებში 10 000-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული.

განცხადებას თან ახლავს ორგანიზაციის 162 ყოფილი და მოქმედი წევრის ხელმოწერა, სია განახლებადია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს