ნინო ლომჯარია ხსნის, „რატომ არის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ორივე კანონპროექტი რუსული და არა ამერიკული“

“აგენტების" შესახებ ქართული კანონპროექტების მიზანი გამჭვირვალობის მიღწევა არ არის, როგორც ეს განმარტებით ბარათებში წერია, არამედ, ეს არის დასავლური ფინანსური მხარდაჭერის მტრულ და საფრთხის შემცველ საქმიანობად გამოცხადება, - ასე ეხმაურება ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტების განხილვას საქართველოს პარლამენტში.

მისი თქმით, რასაც საქართველოს პარლამენტში ახლა აკეთებენ - თარგმნეს კანონის ტექსტი და არ ნახეს, როგორ აღსრულდა ის ამერიკაში ლამის ერთი საუკუნის მანძილზე, რა პრეცედენტები შეიქმნა, ეს არის არაკომპეტენტურობა.

„ვინაიდან ბევრმა დასვა შეკითხვა, რატომ არის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ორივე კანონპროექტი რუსული და არა ამერიკული, ვეცადე ამ სტატუსში მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით გამეცა პასუხი:

პირველ რიგში, ნებისმიერი ამერიკული კანონი სულ რომ წერტილ-მძიმით კეთილსინდისიერად და კეთილი განზრახვით ვთარგმნოთ და საქართველოში მივიღოთ, ის მაინც არ იქნება ამერიკული კანონმდებლობის ზუსტი ანალოგი, ვინაიდან ჩვენ და აშშ მივეკუთვნებით ორ სხვადასხვა სამართლის სისტემის მქონე ქვეყანას. ჩვენგან განსხვავებით, აშშ გახლავთ ე.წ. Common Law, ანუ პრეცედენტული სამართლის ქვეყანა, სადაც სამართლის წყარო არის პრეცედენტული სამართალი, რომელიც იქმნება მოქმედი კანონების ნორმების სასამართლო ინტერპრეტაციების საფუძველზე. შესაბამისად, იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტიც კი არ იზამს იმას, რომ სამართლებრივ საკითხზე მსჯელობის დროს დაეყრდნოს მხოლოდ კანონის ტექსტს მისი აღსრულების პრეცედენტული სამართლის გარეშე. რასაც საქართველოს პარლამენტში ახლა აკეთებენ - თარგმნეს კანონის ტექსტი და არ ნახეს, როგორ აღსრულდა ის ამერიკაში ლამის ერთი საუკუნის მანძილზე, რა პრეცედენტები შეიქმნა, ეს არის არაკომპეტენტურობა. უბრალოდ, მართლა სირცხვილია ქართული პარლამენტარიზმისთვის, ამიტომ, თუ გვაინტერესებს გავიგოთ, როგორ არის დარეგულირებული ამერიკაში გარკვეული სამართლებრივი საკითხები, პირველ რიგში უნდა მოვიძიოთ პრაქტიკა, ანუ მისი აღსრულება და სასამართლო პრეცედენტები.

ახლა რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს:

ა. „უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის აქტი“ (FARA) ამერიკაში 1938 წელს ფაშიზმისა და კომუნიზმისგან დასაცავად მიიღეს და მისი მიზანია ისეთი ორგანიზაციებისა და პირების გამოვლენა, რომლებიც ცდილობენ ამერიკის პოლიტიკაზე და საზოგადოებრივ აზრზე უცხო სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ ზეგავლენის მოხდენას; FARA-ს რეგულირების ქვეშ არ ექცევა უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც მიმართულია ამერიკაში დემოკრატიის გასაძლიერებლად, ეკოლოგიური, ანტიკორუფციული თუ სხვა უფლებადაცვითი საქმიანობის განსახორციელებლად;

ბ. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ორივე კანონპროექტის მიზანი კი გახლავთ უცხო ქვეყნის აგენტის იარლიყის მიწებება ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელიც ფინანსდება უცხო ქვეყნებიდან, ისე, როგორც ეს ხდება რუსეთში;

ასევე,

ა. FARA-ს აქვს აშშ-ს უსაფრთხოების დაცვის მიზანი, მათ შორის კონტრდაზვერვითი დატვირთვაც, ვინაიდან მის საფუძველზე იუსტიციის სამინისტრო რეგისტრაციაში ატარებს ისეთი ქვეყნებისა და მთავრობების წარმომადგენელ ორგანიზაციებს, რომლებიც ამერიკის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია.

ბ. ქართული კანონპროექტებით რეგისტრაციას და აგენტის იარლიყის მინიჭებას ექვემდებარება ყველა ორგანიზაცია, რომლებიც დახმარებას და მხარდაჭერას იღებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, თუ მეგობარი ქვეყნებიდან. შესაბამისად, ამ კანონპროექტებით აღნიშნულ ქვეყნებს საქართველოს ხელისუფლება აცხადებს საფრთხის შემცველ, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებად.

შესაბამისად, „აგენტების“ შესახებ ქართული კანონპროექტების მიზანი არ არის გამჭვირვალობის მიღწევა, როგორც ეს განმარტებით ბარათებში წერია, არამედ, ეს არის დასავლური ფინანსური მხარდაჭერის მტრულ და საფრთხის შემცველ საქმიანობად გამოცხადება, რაც ქართულ რეალობაში ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებას საქართველოს მოსახლეობის მიმართ მკვეთრად შეამცირებს“, - წერს ყოფილი ომბუდსმენი სოციალურ ქსელში.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა