საქართველოში 2023 წლის 1-ელ მარტს Founder Institute-ის 4 თვიანი აქსელერაციის პროგრამის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც 8 სტარტაპერმა თავიანთი წამოწყება აუდიტორიას გააცნო.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება Kettari Foundation-ის, Startup Büro-ს, Axel - Georgian Business Angel Network-ისა და Grant Thornton Georgia-სა პარტნიორობით გაიმართა.
„Founder Institute არის მსოფლიოში ყველაზე აღიარებული ქსელი, რომელიც იდეებს დაფინანსებად სტარტაპებად ხდის, ხოლო სტარტაპებს გლობალურ ბიზნესებად. 2009 წლიდან, Founder Institute - ის სტრუქტურირებული აქსელერაციის პროგრამები 6000-ზე მეტ მეწარმეს დაეხმარა, 1,75 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსების მოპოვებაში. სილიკონ ველში დაფუძნებული და 95 ქვეყანაში წარმოდგენილი, FI - ის მისიაა მხარი დაუჭიროს ნიჭიერ და მოტივირებულ ადამიანებს, რათა შექმნან გავლენიანი ტექნოლოგიური კომპანიები მთელს მსოფლიოში.
16-კვირიანი სტრუქტურირებული პროცესის გავლისა და წამყვანი ექსპერტების რჩევებისა თუ მენტორინგის შემდეგ, მეწარმეებს აქვთ რეალური შანსი მოიპოვონ ინვესტიციები თავიანთი ბიზნესის განვითარებისთვის. მონაწილეებს წვდომა აქვთ Founder Institute-ის გლობალურ ქსელთანაც, სადაც სტარტაპისთვის დაფინანსების მოძიებაა შესაძლებელი.
პროექტის მიზანი იყო მონაწილეებს მისცემოდათ საშუალება ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ თავიანთი სტარტაპები. მათ აქვთ შანსი დააინტერესონ ინვესტორები და მოიპოვონ ინვესტიციები თავიანთი ბიზნესის განვითარებისთვის. გარდა ამისა, დამსწრე ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, აიმაღლონ ცნობიერება მეწარმეობის მიმართულებით, წახალისდნენ და გახდნენ მეწარმეები, რათა განავითარონ საკუთარი ინოვაციური იდეები“, - ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.