მცდელობა, რომ თავისუფალი აზრის გამოხატვა, თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი დაექვემდებაროს ცენზურას, ეს უკვე არის ანტიქართული კანონი და ეს არის რუსული სპეცოპერაციის ნაწილი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობის საკითხებში ექსპერტმა, თენგიზ ფხალაძემ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა, საუბარი იმაზე, რომ ეს ამერიკული კანონია, უბრალოდ არის რიტორიკა, რომელიც საზოგადოების დაბნევისთვის არის.
„ეს არის სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთ ნაწილსაც ჩვენ ვუყურებთ, სადაც პიკს აღწევს უკვე რუსეთის ამბიციების რეალობაში გადატანა, რასაც ჰქვია უბრძოლველად საქართველოს ხელში ჩაგდება. იმ ფონზე, როდესაც წარუმატებლობა უკრაინაში გაათმაგებული და გაასმაგებული აქვს, ცდილობს, რომ სადღაც უპირატესობა მოიპოვოს. სპეცოპერაცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა. იმ კომიტეტის წევრები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ განიხილავდნენ ამ კანონპროექტებს ან ამ პარლამენტარებს, რომლებმაც ხელი უნდა აწიონ და კენჭი უნდა უყარონ, ვინმეს არ ესმის რეალურად ეს რა არის, ეს იქნება ძალიან დიდი მიამიტობა, ეს ყველას კარგად ესმის. საუბარი იმაზე, რომ ეს მართლა ამერიკული კანონია, ეს ყველაფერი უბრალოდ არის რიტორიკა, რომელიც საზოგადოების დაბნევისთვის არის. თვითონ მცდელობა, რომ თავისუფალი აზრის გამოხატვა, თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი დაექვემდებაროს ცენზურას, უკვე არის ანტიქართული კანონი და ეს არის რუსული სპეცოპერაციის ნაწილი, ქმედება.
ყველას მოვუწოდებ და ვთხოვ, საქართველოს მოქმედ კანონში ჩაიხედოთ, რა კანონები არეგულირებენ არასამთავრობო სექტორის საქმიანობას და მათ შორის, გაეცნოთ კანონს გრანტების შესახებ, აბსოლუტურად ყველაფერი არის ღია, გამჭვირვალე და ნახავთ ანგარიშვალდებულების ყველა მექანიზმს, რომელიც არსებობს. თუკი რამე არის გამჭვირვალე არის ეს ფონდები, რომლებიც მოქმედებენ, იმიტომ, რომ გრანტს ვერცერთი ორგანიზაცია ვერ გასცემს, თუ საქართველოს სახელმწიფომ გრანტის გამცემად არ ცნო“, - აღნიშნა ფხალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს არანაირი ვალდებულება არ აქვს ამერიკის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის, თუ რამე ვალდებულება ჰარმონიზაციის აქვს, ეს არის ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
„დღეს თქვენ გეტყვიან იმას, რომ რომელი ორგანიზაცია არის კარგი და რომელი ცუდი, ხვალ ეს ყველაფერი გავრცელდება ფიზიკურ პირებზე, ზეგ თქვენ გეტყვიან რომელ ინფორმაციას უნდა უსმინოთ და რომელს არ უნდა უსმინოთ, ასეთივე წარმატებით შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, ხომ არ ავკრძალოთ ის მედიასაშუალებები, რომელიც არასასურველ ინფორმაციას ავრცელებს, მერე ხვალ გვეტყვიან რომელი წიგნები უნდა წავიკითხოთ, დეჟავუს შეგრძნება ხომ არ გაქვთ?! მე პირადად ჩემდა საუბედუროდ ნანახი მაქვს, ეს როგორ მუშაობდა, იმ სისტემაში, რომელიც მადლობა ღმერთს დაინგრა.
ეს არ არის ამერიკული კანონი, ნაწილი ამერიკული კანონიდან არის ზუსტად ნათარგმნი, მაგრამ ეს არგუმენტად არ გამოდგება, ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს ამერიკის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის, თუ რამე ვალდებულება გვაქვს ჰარმონიზაციის, ეს არის ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მთელი არსი არის იმაში, რომ აშშ-ში სახელმწიფომ უნდა დაგიმტკიცოთ, რომ თქვენი მოქმედება არის უცხო ქვეყნების ინტერესებში, ჩვენი კანონმდებლობის შემთხვევაში, ჩვენთან სხვანაირად არის - ჩვენთან მიგაწებებენ იარლიყს და მერე ამტკიცე, რომ აქლემი არ ხარ, სულ სხვადასხვა რაღაცაა“, - განაცხადა ფხალაძემ.