საქართველო სუვერენული ქვეყანაა, კონსტიტუციას როცა ვკითხულობთ, მხოლოდ 78-ე მუხლიდან რატომ ვიწყებთ კითხვას, არ ვიცი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და "ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ" რომელი კანონი დაინიცირდეს, რომელი - არა.
"ჩვენ როგორმე უნდა შევეჩვიოთ, შევეგუოთ და ვიამაყოთ ამით, რომ სუვერენული ქვეყანა ვართ, როგორც კი ვიტყვით - "მერე რა, რომ სუვერენული ქვეყანა ვართ, ამერიკის ელჩმა თქვა, ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომელიღაც თანამდებობის პირმა თქვა" და კანონში არ ჩავიხედოთ, რომელშიც პრობლემა არ არის და რადგან რომელიღაც ელჩმა თქვა, არ უნდა მივიღოთ. საქართველო სუვერენული ქვეყანაა, კონსტიტუციას როცა ვკითხულობთ, მხოლოდ 78-ე მუხლიდან რატომ ვიწყებთ კითხვას, მე არ ვიცი. პირველ მუხლში წერია, რომ სუვერენული ქვეყანა ვართ და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რა კანონი დაინიცირდეს და რა არა. ევროკავშირში ინტეგრაციას ვაგრძელებთ და ევროკავშირს სჭირდება ისეთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია სუვერენული უფლებები დაიცვას, როგორც კი დაგინახავენ, რომ შენ სუვერენულ უფლებებს ვერ იცავ და რამდენი ვინმე რამეს იტყვის, ცვლი პოზიციებს, ასეთი ქვეყანა არავის სჭირდება", - განაცხადა მაჭარაშვილი.
მისივე თქმით, კანონპროექტების მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობაა.
„არ მესმის ვის შეიძლება ჰქონდეს ამის საწინააღმდეგო? ეს კანონპროექტი შეეხება უცხოური გავლენის მქონე სუბიექტებს. საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს და თვითონ გადაწყვეტს, ვის დაუჯეროს, რომელ ორგანიზაციაზე თქვას კარგია, თუ ცუდია", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილი ასევე გამოეხმაურა ხაბეიშვილის განცხადებას რევოლუციის თაობაზე და აღნიშნა, რომ მას "რევოლუცია ელანდება" და "ხაბეიშვილის და მსგავსი პოლიტიკოსების, რადიკალების დრო დასრულდა".
აქვე მაჭარაშვილი დასძენს, რომ მათ "თავიანთ პატრონებს დაურეკეს და უთხრეს, რომ ბოლო იარაღს ართმევენ", რაც არის დაფინანსება, რომლითაც ბოლო "შვისტოკებს" ყიდულობენ.
"ნახეთ პრობლემა რა არის? როგორ გაღიზიანდნენ, თავიანთ პატრონებს დაურეკეს, აი ბოლო იარაღს გვართმევენ. რა არის ეს ბოლო იარაღი? - ის, რომ არასამთავრობო ფინანსდება ვითომ კეთილშობილური მიზნებით, "სირცხვილია", "დროა" და მერე ყიდულობენ „შვისტოკებს“ და ათას სხვა რამეს. ამას რომ გაიგებს საზოგადოება, ვინ აფინანსებს „დროას“, „სირცხვილიას“, არასამთავრობო სექტორს, რომელიც ენერგო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აქციებს აორგანიზებს, აი ეს ეტკინათ და ამიტომ არიან ასეთ ამბავში. ამას ჩვენ მაინც მივიღებთ პირველი მოსმენით და გავაგზავნით ვენეციის კომისიაში", - განაცხადა მაჭარაშვილმა.