ხათუნა გოგალაძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე - ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე შემუშავება, ინიცირება და საოცრად ფორსირებული ფორმით განხილვა, სხვა არაფერია თუ არა პოლარიზაციის მიზანმიმართულად გაღრმავება

ხათუნა გოგალაძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე - ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე შემუშავება, ინიცირება და საოცრად ფორსირებული ფორმით განხილვა, სხვა არაფერია თუ არა პოლარიზაციის მიზანმიმართულად გაღრმავება

„უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტის ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე შემუშავება, ინიცირება და საოცრად ფორსირებული ფორმით განხილვა, სხვა არაფერია თუ არა პოლარიზაციის მიზანმიმართულად გაღრმავება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის და სავარაუდოდ, საკითხის „შემოგდება“ გაცილებით მნიშვნელოვანი თემების გადასაფარად, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook (GEO)-ის წარმომადგენელი, ხათუნა გოგალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ამ კანონის მიღება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქვეყნების ინტერესებშია, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს დისტანცირება ევროპული მომავლისგან.

„იმ რეალობაში, როცა ასოცირების შეთანხმებითა თუ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესასრულებელი საკანონმდებლო აქტების მიღებას სჭირდება წლები (და აქ მაგალითისთვის წყლის კანონიც საკმარისია, რომლის მიღებაც რამდენიმე წელია ფერხდება იმ მიზეზებით, რომ, მაგალითად, საკმარისი კონსულტაციები არ არის გავლილი დაინტერესებულ მხარეებთან, არასაკმარისადაა შეფასებული კანონის გავლენა მათზე, არასათანადოდ არის ინფორმირებული სხვადასხვა ჯგუფი, მათ შორის მუნიციპალიტეტები, ჟურნალისტები და ა.შ), „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტის ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე შემუშავება, ინიცირება და საოცრად ფორსირებული ფორმით განხილვა, თან იმის ფონზე, რომ არათუ კანონპროექტის პოტენციური ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ჯგუფები, არამედ ყველა პარტნიორი ორგანიზაცია და საქართველოს მეგობარი ქვეყანა გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას აღნიშნული პროცესისა და კანონპროექტის შინაარსის გამო, სხვა არაფერია თუ არა პოლარიზაციის მიზანმიმართულად გაღრმავება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის და სავარაუდოდ, საკითხის „შემოგდება“ გაცილებით მნიშვნელოვანი თემების გადასაფარად.

შესაბამისად, მიუღებელია, როგორც კანონპროექტის შინაარსი (მითუმეტეს, რომ ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობს, ხოლო მის ზიანზე არაერთი არგუმენტი გამოითქვა), ასევე პროცესი და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ქვეყნების ინტერესებშია, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს დისტანცირება ევროპული მომავლისგან“, - წერს ხათუნა გოგალაძე.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტი არათუ არასაჭირო, არამედ მავნებლურია არასამთავრობო სექტორისთვის.

„ამ პოსტის გამო, თუ ვინმეს ჩემი გალანძღვა მოგინდებათ, თავს ნუ შეიკავებთ. გამოუშვით ორთქლი და მერე ცივი გონებით გააანალიზეთ:

- რას შეიძლება ემსახურებოდეს კანონი, რომელიც ყველა ოფიციალურად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა ვინაობაც ისედაც ცნობილია, ავალდებულებს კიდევ ერთხელ „აგენტის“ სტატუსით დარეგისტრირებას?

- რატომ თავისუფლდება რეგისტრაციის ვალდებულებისგან პირი, რომელიც ეწევა საქველმოქმედო, რელიგიურ, საგანმანათლებლო და სხვა საქმიანობას „კეთილსინდისიერად“; არ ფიქრობთ, რომ აგენტურა სწორედ ასეთი ფორმის და თან „კეთილსინდისიერი“ საქმიანობის შირმის ქვეშ უფრო ადვილი განსახორციელებელია?

- რატომ არ ვრცელდება კანონი საჯარო სტრუქტურებზე, რომლებიც იმავე დონორებისგან იღებენ თანხებს? ეს ხომ არ გამოიწვევს დონორული დახმარების კიდევ მეტად აკუმულირებას საჯარო სექტორში?

- არასამთავროებო ორგანიზაციების შემოსავლების შესახებ ინფორმაცია სულაც არ არის გასაიდუმლოებული სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურებისთვის (და არც არავისთვის); თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ რიგითმა მოქალაქემაც უნდა იცოდეს, რას და რაში ხარჯავს ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია, იცით თუ არა, რომ თითოეული ორგანიზაცია დეტალურ ანგარიშგებას აკეთებს კონკრეტული დონორის მიმართ იმ თანხის ხარჯვის შესახებ, რომელიც დონორი ქვეყნის (და არა საქართველოს) გადასახადების გადამხდელებისგან მოდის? ეს გაინტერესებთ, დონორი ორგანიზაცია რა ფორმით აკეთებს თავის გადამხდელებთან ანგარიშგებას? საქართველოში გავარკვიეთ უკვე ყველაფერი?

- სულ რომ ძალიან კეთილშობილურ მიზნებს ემსახურებოდეს აღნიშნული კანონი, თუ გიფიქრიათ, რა მასშტაბის დამატებითი ადმინისტრაციული რესურსი შეიძლება დასჭირდეს მის განხორციელებას და საიდან დაფინანსდება ეს ადმინისტრაციული რესურსი, თუ არა თქვენი ჯიბიდან?

კითხვა კიდევ ბევრია, პასუხი კი ერთი: კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ არათუ არასაჭირო, არამედ მავნებლურია არასამთავრობო სექტორისა და, კიდევ უფრო მეტად, ქვეყნის იმიჯისა და ევროპული მომავლისთვის!“- წერს გოგალაძე.

ამასთან, ორგანიზაციამ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ოფიციალურ მიმართვის წერილშიც დააფიქსირა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს გაუგზავნა.