შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კონფერენციაში - „ქალები პოლიციაში“ - მონაწილეობდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენციის გახსნით ღონისძიებას ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მდივნის თანაშემწე ტოდ რობინსონი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სარა რუპერტი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი დაესწრნენ.

„ალექსანდრე დარახველიძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის პრიორიტეტულობას. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქალ პოლიციელად ყოფნა დიდი გამოწვევაა და საპოლიციო სისტემაში მათი როლი სულ უფრო იზრდება. მან ასევე გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ქალი პოლიციელების როლზე ისაუბრა.

ალექსანდრე დარახველიძემ აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიება მიზნად ქალ სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს. ხუთდღიანი კონფერენციის განმავლობაში, მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა: ქალი სამართალდამცველების მუშაობის სპეციფიკა და მათი გამოწვევები, ქალი პოლიციელების როლი გენდერული თანასწორობის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციაში, ქალი სამართალდამცველების ჩართულობის მნიშვნელობა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ქალი პოლიციელი - როგორც ლიდერი და სხვ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, მეათე წელია, საქართველოში ტრადიციულად იმართება ყოველწლიური, ხუთდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“. წელს კონფერენციაში 250-მდე ქალმა სამართალდამცველმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 20 ქვეყნიდან“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე