ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინამ 130 მებრძოლი, მათ შორის მარიუპოლის 87 დამცველი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
“მორიგი ტყვეთა გაცვლა - მოვახერხეთ 130 ჩვენი ადამიანის სახლში დაბრუნება. ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები, ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები, ტრანსპორტის სპეციალური სახელმწიფო სამსახური. მათ შორის - მარიუპოლის 87 დამცველი, რომელთაგან 71 “აზოვსტალიდან” არის. ასევე ვაბრუნებთ ბახმუტისა და სოლედარის რაიონებში აყვანილ ტყვეებს - სულ 35 ადამიანი დონეცკის მიმართულებიდან”, - წერს ერმაკი.
მისი თქმით, რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებულების უმრავლესობას მძიმე ჭრილობები აქვს.
ცნობისთვის, აქამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინული ტყვეობიდან 90 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნეს.