“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარლამენტთან შეკრებილ, სპეციალური ძალების წარმომადგენლებთან მივიდა და მიმართა, რომ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი არ დაარბიონ. აღნიშნულს მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია.
„რატომ გყავთ "რობოკოპები" აქ, პროვოკაციას რატომ უწყობთ ხალხს? რატომ მოგყავთ აქ სპეცრაზმი, "ანტიპუტინისტურ" აქციაზე, რატომ აწყობთ პროვოკაციას? რას აპირებთ, მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევას? რატომ აკეთებთ ამას. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია. თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ ეს ხალხი დაარბიოთ. თქვენ ლაჩრებო, თქვენ. შინაგან საქმეთა მინისტრი, რუსი ღარიბაშვილი, რუსი გომელაური, რუსი ივანიშვილი აწყობენ მიზანმიმართულ პროვოკაციას - მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევას აპირებენ. სპეციალურად მოიყვანეს აქ სპეცრაზმი. დღესაც დათხარეს თვალები ხალხს, დაწამლეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს. ეს ხალხი არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ეს ხალხი არ გაჩერდება და ბოლომდე იბრძოლებს, სანამ "პუტინისტურ" რეჟიმს არ დავამარცხებთ“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"