გუშინ, კიდევ ერთხელ, ნათლად გამოჩნდა, რომ ადამიანების პროტესტი უკავშირდებოდა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პროტესტს, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს - დაწყებულია რუსული პროპაგანდა - ეს პარტია, ის პარტია, მაგრამ არაფერმა შეგაშინოთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაბეიშვილმა მოქალაქეებს დღეს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს მოწოდება პარტიული არაა.
„საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მოღალატეებმა გუშინ, სადამსჯელო ოპერაცია მოუწყვეს ქართველ ხალხს - ახალგაზრდებს იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა და არ უნდა, რომ რუსეთის გუბერნია იყოს; ვისაც უნდა თავისუფალ სამყაროსთან ერთად ეზიაროს დემოკრატიას. ამ ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდა გუშინ „რუსული ოცნება“ და ამას აკეთებდნენ დიდი სიამოვნებით. ამასობაში 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული - ახალგაზრდები, სტუდენტები, პოლიტიკური პარტიების წევრები, სამოქალაქო აქტივისტები. უამრავი დაშავებული ადამიანია. დაკავებულების ინტერესებს ვიცავთ, ყველას, ვისაც დაცვა სჭირდება, მოგვმართოს - ადვოკატით დაწყებული, სამედიცინო დახმარებით დამთავრებული, ყველას დავეხმარებით.
ჩემო მეგობრებო, გუშინ კიდევ ერთხელ, მკაფიოდ, ნათლად გამოჩნდა, რომ ადამიანების პროტესტი უკავშირდებოდა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პროტესტს, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მხოლოდ ამის გამო იყო ადამიანების დიდი ჯგუფი გამოსული და აპროტესტებდა „რუსული ოცნების“ გადაწყვეტილებას.
ირაკლი კობახიძემ, გავრილოვის ჩამომთრევმა, გუშინ მეორედ მოაწყო „გავრილოვის ღამე“. აქამდე თუ ერთი გავრილოვი გვყავდა, ვგულისხმობ კობახიძეს, ახლა უკვე 76 გავრილოვი ზის საქართველოს პარლამენტში, რომელმაც ხელი მოაწერა პუტინისტურ, რუსულ კანონს. ასევე ნახეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა მოქალაქეების მიმართ. დღეს მე ვაკეთებ არა პოლიტიკურ, პარტიულ განცხადებას, არამედ, მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, ისევე როგორ გუშინ - ჩვენი დასაცავია ჩვენი ევროპული მომავალი! ევროპული მომავლისთვის უნდა ვიბრძოლოთ მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. დღეს ვნახეთ, რომ დაწყებულია რუსული პროპაგანდა - ეს პარტია, ის პარტია. არაფერმა შეგაშინოთ. პოლიტიკური პარტიები გამოგვიყენეთ ბრძოლის ინსტრუმენტებად და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს. ეს თქვენი ქვეყანაა- ქართველი ხალხის“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.