ბუდაპეშტში მცხოვრებმა ქართველებმა, უნგრეთში საქართველოს საელჩოს წინ აქცია გამართეს. საქართველოს მოქალაქეებმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები გააპროტესტეს. ისინი უნგრეთში საქართველოს ელჩთან, თამარ ლილუაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
მათივე თქმით, ლეგიტიმურო კითხვები აქვთ, იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს დიპლომატთა კორპუსი გააგრძელოს უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობა და საქართველოს ევროინტეგრაციისათვის ბრძოლა.
„ეს რუსული კანონი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ კურსი ერთ დღეში შეცვალა. დღეს, ჩვენ განცდა გვაქვს, რომ ვერცერთი საელჩო ვერცერთ ქვეყანაში ვეღარ წარმოადგენს ჩვენს ინტერესებს, იმიტომ, რომ მათ რეალობა ერთ წამში შეეცვალათ. ისინი შეცვლილი კურსის პირობებში საქართველოს ინტერესებს აღარ წარმოადგენენ. ისინი თავად აღმოჩნდნენ გაურკვეველ სიტუაციაში და ჩვენ გვაქვს კითხვები, ელჩები, როგორ ხედავენ ქართული ინტერესების გატარებას იმ პირობებში, როდესაც დღეს, საქართველოს ინტერესებზე მეტად ქვეყანა, როგორც ჩანს, რუსულ პოზიციებს იკავებს“, -განაცხადა უნგრეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა ემიგრანტმა, იურისტმა მარიამ ბეგაძემ.