სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა. ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩება პოლიცია. მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები.
შეგახსენებთ, თბილისში მოქალაქეები ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, რომელსაც მხარი პარლამენტმა 7 მარტს დაუჭირა.
8 მარტს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაახმოვანა გადაწყვეტილება პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევის შესახებ.
სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, წინა დღის მსგავსად, არაერთხელ გამოიყენა. პოლიცია აკავებდა დემონსტრანტებს. შსს-ს ინფორმაციით, ჯამში, 7-8 მარტს რუსთაველზე 133 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით.