გუშინ წარმოუდგენელი იყო, ეგრევე გაწირეს თავისი თანამებრძოლი, ვაშაძე იქნებოდა თუ სხვა, ისრების გადატანა არასწორია. ყველას პასუხისმგებლობა იყო,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მდინარაძე ვაშაძის მისამართით კრიტიკას გამოეხმაურა იმის გამო, რომ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის პიკეტირებისკენ სწორედ მან მოუწოდა.
როგორც მდინარაძემ განმარტა, მომხდარზე პასუხისმგებელია ყველა ის პირი, ვინც ბოლო 2 დღის განმავლობაში სიცოცხლისთვის რისკის შემცველი მოწოდებებით გამოდიოდა.
„რაც შეეხება ძალადობას, როგორც გუშინ ნახეთ, ეგრევე გაწირეს თავისი თანამებრძოლი, ერთი ადამიანისკენ სცადეს ისრების მიმართვა. ყველას პასუხისმგებლობაა, ვინც ტყუილს ეუბნება საზოგადოებას, ვინც რადიკალიზაციისკენ მოუწოდებს, არაფრად აგდებს, რომ ვიღაცის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლება რისკის ქვეშ დადგეს. ყველას პასუხისმგებლობაა, ვინც იტყუება, არასწორ აღქმებს აყალიბებს საზოგადოებაში, არასწორი და ცრუ ინფორმაციების შედეგად.
ამ ცრუ ინფორმაციის შედეგად ადამიანების იმ ნაწილს, რომელსაც შეიძლება სხვა მიზნები ჰქონდეს, ხოლო დიდ ნაწილს, რომელსაც გულწრფელი ემოციები აქვს, ამ ემოციებზე სპეკულაციურად ცუდად თამაშობენ. ისეთი მოქმედებებისკენ მოუწოდებენ, რომელმაც შეიძლება სხვა შედეგი დადოს, ისევ ადამიანების სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე. ერთ ადამიანზე, ვაშაძე იქნებოდა თუ სხვა, ისრების გადატანა არასწორია. ყველას პასუხისმგებლობა იყო, ვინც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში ისეთი მოწოდებებით გამოირჩეოდა, რომელსაც შესაძლოა რისკები შეექმნა“,- აღნიშნავს მდინარაძე.
ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ალყა შემოერტყათ პარლამენტისთვის და შენობის მშვიდობიანი პიკეტირება მოეხდინათ. გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ მოწოდებას, „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. „ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა“, - დაწერა ლომჯარიამ. მისი აღნიშნული პოზიცია პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფების სხვა წარმომადგენლებმაც გაიზიარეს.