არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობას აჩერებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ვეღარ ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივას.

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები 2015 წლიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს პარლამენტთან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმართულებით.

2015 წლიდან საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი ლიდერი OGP-ში. ამ პერიოდში, საპარლამენტო ღიაობის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რომელთა მონაწილე და მთავარი ინიციატორი იყო სამოქალაქო საზოგადოება. საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, რომელთანაც არსებობს საკონსულტაციო ჯგუფი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების შემადგენლობით.

ჩვენ წლების განმავლობაში, კანონმდებლებთან და პარლამენტის აპარატთან ერთად, დონორი ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით, ვმუშაობდით და მხარს ვუჭერდით რეფორმებს, რომლებიც მოიცავდა საკანონმდებლო ცვლილებებს და პრაქტიკულ სამუშაოებს. რეფორმები განხორციელდა საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობის და ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, რამაც ხელი შეუწყო საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მეტ ღიაობას, ინკლუზიური გარემოს შექმნას, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეების ჩართულობას. დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა პარლამენტის ვებგვერდი, პარლამენტის შენობის ინფრასტრუქტურა გახდა შშმ პირებზე ადაპტირებული, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის ლობისტების რეესტრი, სტატისტიკური მონაცემები და ასე შემდეგ. დაინერგა საპარლამენტო პეტიციების პლატფორმა, შეიქმნა და ტექნიკით აღიჭურვა მოქალაქეთა მისაღები, შეიქმნა პარლამენტის მობილური აპლიკაცია და სხვა.

ამ რეფორმების განხორციელებით, ღია მმართველობის პარტნიორობის საკმაოდ დიდ თანამეგობრობაში საქართველო წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების ეს წარმატებული თანამშრომლობის ფორმატი იყო მაგალითი ბევრი ქვეყნისთვის. საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობითი პროცესის ლოკალური და საერთაშორისო წარმატების ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი იყო 2015 წლის ოქტომბერში, მექსიკაში გამართულ OGP-ს გლობალურ სამიტზეOGP-ს სამოქალაქო საზოგადოების დაწესებული პრიზის მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ. 2018 წელს საქართველოში გაიმართა ღია მმართველობის გლობალური სამიტი და საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა ასობით კოლეგას და სტუმარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია მუშაობა სამი მოწვევის პარლამენტარებთან. ღია მმართველობაზე მუშაობის პროცესი იყო თანამშრომლობითი ფორმატის, მასში მონაწილეობდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ისე ოპოზიცია, მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები იყვნენ ყველა ფრაქციის წარმომადგენლები. საპარლამენტო ღიაობის პროცესში მიღწევებიც ამ ერთობლივი მუშაობის შედეგია.

მაშინ, როდესაც სამოქალაქო ორგანიზაციები თანამშრომლობენ საპარლამენტო უმრავლესობასთან, მხარს უჭერენ და ფინანსურ დახმარებას უწევენ პარლამენტს რეფორმების განხორციელებაში, საპარლამენტო უმრავლესობამ ინიცირება გაუკეთა რუსეთში არსებული კანონის მსგავსი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონს, რომლის მიზანი იყო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების იძულება დარეგისტრირდნენ „უცხოეთის გავლენის აგენტების რეესტრში“, მათი სტიგმატიზება და საზოგადოებაში დისკრედიტირება, მათი კონტროლი, საბოლოო ჯამში კი მათი საქმიანობის შეზღუდვა და გაუქმება.

აღნიშნული კანონპროექტის მიმართ გამოითქვა მკაცრი კრიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეს კანონი შეფასდა, როგორც შეუთავსებელი ევროპულ ფასეულობებთან და პრინციპებთან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო სექტორს და რაც მთავარია, ცხადად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, საპარლამენტო უმრავლესობამ რუსულ კანონს პირველი მოსმენით მაინც დაუჭირა მხარი. მართალია, კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე დღიანი სახალხო პროტესტის საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია, მაგრამ მათ ნათლად დაადასტურეს რომ ისინი რჩებიან რუსული კანონპროექტის პრინციპების ერთგულნი და, სამომავლოდ უფრო აქტიურად გააგრძელებენ საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიას კანონპროექტის მხარდასაჭერად.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი ორგანიზაციები ვეღარ ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივას და ვაჩერებთ წევრობას საკონსულტაციო ჯგუფში.

საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ორგანიზაციები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) - საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო