საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) თავმჯდომარე და მსოფლიო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი საქმიანი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.
პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის 10 მარტს ირაკლი პეტრიაშვილი ITUC-PERC-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას გაუძღვა.
„კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პროფკავშირული მოძრაობის სოლიდარობის მნიშვნელობას მშრომელებისა და წევრი ორგანიზაციებისთვის.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაგმეს რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ და გამოხატეს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელთა ბრძოლაც მიმართულია: დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისკენ. ამასთან, მოუწოდეს უკრაინის მთავრობას, ქვეყნისთვის ამ მძიმე მომენტში არ იქნას რისკის ქვეშ დაყენებული კანონის ფუნდამენტური პრინციპები, მშრომელთა და პროფკავშირული უფლებების პატივისცემა, თანასწორობა და ნამდვილი სოციალური დიალოგი.
კომიტეტის წევრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ბელარუსის დამოუკიდებელი პროფკავშირების ლიდერებს, რომლებიც რეჟიმის ტყვეობაში იმყოფებიან. ერთხმად დაგმეს ქვეყანაში არსებული უსამართლო სასამართლო სისტემა, სადაც მშრომელთა უფლებების დამცველი ლიდერები, მარტის თვეში უკვე სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ელიან. თუმცა ზუსტად იციან, რომ მრავალწლიანი პატიმრობის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლო განჩინება არ შეიცვლება! შეხვედრაზე აღნიშნული მიმართულებით ITUC-PERC-ის მიერ მომავალში განსახორციელებელ ქმედებებზე იმსჯელეს.
კომიტეტის წევრებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სოლიდარობა თურქეთის პროფკავშირებს და მოსახლეობას საშინელი მიწისძვრის შემდეგ. ევროპულმა პროფკავშირულმა მოძრაობამ ერთხმად დააფიქსირა პოზიცია, რომ ამ ტრაგიკულ ვითარებაში გააგრძელებს თურქეთის მოსახლეობისა და პროფკავშირების მხარდაჭერას.
PERC-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა საცხოვრებელი ხარჯების კრიზისზე და ამის დასაძლევად ყველას ძლიერი სოლიდარული მიდგომისკენ მოუწოდა. განცხადება შემუშავდა სლოგანით: დაასრულეთ საცხოვრებელი ხარჯების კრიზისი: გაზარდეთ ხელფასები, საგადასახადო მოგება, დაიცავით ხალხი!“ - აღნიშნულია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.